ქარელის მუნიციპალიტეტში, დაბა აგარის სკოლას რეაბილიტაცია
ჩაუტარდება. ამისათვის 7,4 მლნ ლარი გამოიყო.
თანხის 80% მსოფლიო ბანკმა გაიღო. დანარჩენ ნაწილს მუნიციპალური
განვითარების ფონდი დაფარავს. რეაბილიტაცია ხორციელდება "ინოვაციები,
ინკლუზიური განათლება და ხარისხი"(I2Q) პროექტის ფარგლებში.
პროექტის მიხედვით, სკოლაში სწავლობს 720 მოსწავლე - ორ ცვლაში, მათ
შორის 11 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა.
სკოლა ემსახურება დაახლოებით 350-400 ადგილობრივ ოჯახს, რომელთა
შვილებიც აღნიშნულ სკოლაში სწავლობენ.
სკოლის პერსონალი და მოსწავლეები დროებით გადავლენ სოფლების:
საღოლაშენის და დირბის ალტერნატიულ შენობებში, რაც საპროექტო
ტერიტორიიდან დაახლოებით 7-8 კმ-ში მდებარეობს. შენობის შერჩევა მოხდა
ობიექტის მდგომარეობის წინასწარ შეფასებული ინდექსის მიხედვით.
,,ადგილმონაცვლეობის დროს, მოსწავლეების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს
ქარელის მუნიციპალიტეტი, განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან
კოორდინაციით. აღნიშნული მიზნით გამოიყოფა დაახლოებით 30-35
მინიავტობუსი. მინი-ავტობუსები დაექვემდებარება ტექნიკურ
ინსპექტირებას და ექსპლოატაციის სტანდარტული პირობების უზრუნველყოფას
საქართველოს ეროვნული რეგულაციების შესაბამისად' - აღნიშნულია
საპროექტო დოკუმენტაციაში.
ტენდერი 2024 წლის 21 თებერვალს გამოცხადდა. ტენდერში მონაწილე
კომპანიების შერჩევა ხვალიდან, 25 მარტიდან დაიწყება. რეაბილიტაცია
უნდა დასრულდეს სამუშაოების დაწყებიდან 15 თვეში.
სტატიის გამოყენების პირობები