რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ღართა 20 წლის შემდეგ
გზა ფერდობს მიუყვება, სადაც ბევრი მოსახვევია. გგონია, მეორე ან მესამე მოსახვევის შემდეგ გამოჩნდება სოფელი, თუმცა ამაოდ. გზა კი მაღლა და მაღლა მიიწევს. 3 კმ-იანი მანძილის გავლის შემდეგ, მოულოდნელად ხეებში ჩამალულ სახლებს წააწყდებით. ხის სახლებს შორის, ზოგი გადაზნექილია, ზოგს სახურავი არა აქვს. ჩვენ სოფელ ღართაში შევედით.

ღართა ხაშურის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და თრიალეთის ქედებს შორის მდებარეობს. უახლოესი სოფელი კრისხევია. კრისხევამდე ამჟამად ახალი ასფალტია დაგებული. ამ სოფლის შესახებ რეპორტაჟი შარშან მოვამზადეთ. გასულ წელს აქ ერთი კაცი შეგვხვდა, შემოდგომა იყო და გზა უკვე ატალახებული იყო:

,,თქვენ ღართაში უნდა ამოხვიდეთ, საკუთარი თვალით ნახოთ, რა გზა გვაქვს.“ - გვითხრა მან. სახლში ფეხით მიდიოდა. კრისხევიდან ღართამდე ისეთი ტალახი იყო, ფეხიც კი, იფლობოდა ტალახში. წებივანი ნიადაგის გამო, გადაადგილება შეუძლებელი იყო. ღართაში ვიზიტი მომავლისთვის გადავდეთ და იქ ჩვენი სტუმრობის დღეც დადგა.

თურმე, 20 წლის წინ, სოფელ ღართაში სასკოლო გიმნაზია არსებობდა. სასწავლებელში ხეობის პატარა თუ დიდი სხვადასხვა სოფლიდან მოსწავლეები დადიოდნენ. 90-იან წლებამდე აქ 70 კომლი ცხოვრობდა. დღეს მხოლოდ ოთხი სახლის ეზოში ნახავთ მოფუსფუსე ადამიანებს.

სოფელში შესვლისას პირველ ჯერზე არ გაგვიმართლა. ერთ-ერთ სახლთან ქალბატონმა გვითხრა  - ,,მე რძალი ვარ ამ სოფლის და ნურაფერს მკითხავთ“ - გვითხრა მან და შევიდა სახლში. აღმართზე ფეხით ასვლისას ცოტა დაღლილები ვიყავით. დასასვენებლად კაკლის ძირში კუნძზე დავსხედით.

სიჩუმეს წვიმის წვეთების ხმა არღვევდა. ძაღლიც არსად ყეფდა. ოდნავ გაწვიმდა, მაგრამ არავინ ჩანდა, რომელიც თავისი ხის სახლის აივანზე მაინც შეგვიფარებდა. დავიწყეთ სოფელში სიარული.

ცოტა ხანში, ერთ-ერთ სახლიდან სინათლე დავინახეთ. მოღრუბლული ამინდის გამო, როგორც ჩანს, აივანზე ნათურა ჩართეს. აივანზე კი, მამაკაცი დავინახეთ, რომელიც მაგიდასთან იჯდა. ჩვენსკენ ზურგით იყო. ,,მასპინძელოს“ დაძახების შემდეგ, 88 წლის თენგიზ გაგლოშვილმა სახლში მიგვიპატიჟა.

,,ბახმაროს ჰაერს ჩვენი სოფლის ჰაერი ჯობია“ - სიამაყით გვითხრა ბატონმა თენგიზმა. მისი ეზოს ბოლოში ნანგრევები ჩანდა - ,,იქ, სკოლა-გიმნაზია იყოო“ - დაამატა მან.

88-წლის მასპინძელი კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა. ყვებოდა ბავშვობის დროინდელ ამბებს, იხსენებდა ახალგაზრდობის პერიოდს; როგორ დაიწყო ხაშურში მუშაობა; როგორც აღმოჩნდა მემანქანის თანაშემწედ. ახსოვს ყველა იმ ადამიანის სახელი და გვარი, ვისთან ერთადაც ხაშურის რკინიგზაში მუშაობდა.

რატომ დაიცალა სოფელი?

,,განდევნეს, განდევნეს“ - გვიპასუხა და ოდნავ შეჩერდა. ჯერ ოპერატორს შეხედა, შემდეგ ჟურნალისტს. როგორც კი, მიხვდა, რომ გულდასმით ვუსმენდით, გააგრძელა - ,,ჩვენ, მე და ჩემმა მეუღლემ გავასწარით მაშინ აქედან“. თრიალეთის ქედის სოფლების ძირითადი ნაწილი ამჟამად მართლაც დაცარიელებულია. მცირეკომლიან სოფლების უმრავლესობა ეთნიკური ოსებით დასახლებებს წარმოადგენდა. ასეთია, მაგალითად, ღართაც.

Qartli.ge-მ ასეთი 10-ზე მეტი სოფელი გადაიღო, სადაც 1 ან ორი კომლი ცხოვრობს. ყველა მათგანში მთავარი გასახსენებელი ამბავი ,,არეულობის დაწყებაა“. ერთ დროს, მშვიდი და წყნარი ხეობები 1990-იანი წლებიდან შფოთვამ და შიშმა მოიცვა.
,,არეულობა რომ დაიწყო, ხაშურის რაიონს და ჩვენს სოფლებს დიდად არ შეხებია. თუ რაღაც ხდებოდა, ქარელიდან ამ მთებზე გადმოდიოდნენ ხოლმე. როგორც იქ აშინებდნენ ხალხს, აქ ასე არ ხდებოდა“ - იხსენებს თენგიზ გაგლოშვილი.

ერთ დილას, მისმა მეუღლემ უთხრა, რომ წასულიყვნენ ხაშურში, ახლობელთან:

,,ქალს გულმა უგრძნო თუ რამ, არ ვიცი, მაგრამ მითხრა, თენგიზ, წამო წავიდეთ ხაშურშია. რაც მოვასწარით, წავიღეთ. როგორც კი, გავცდით სოფელს და გზაზე დაბლა ჩავედით, ავტომატის კაკანის ხმა მოგვესმა. მაშინვე ვუთხარი ჩემ ქალს, გავასწარით-მეთქი“ - ამბობს ბატონი თენგიზი.

დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ხაშურიდან სოფელში ერთი დღით წამოვიდნენ:

,,სახლში რომ მოვედით, მაღლა ოთახის კარები მთლიანად დაცხრილული იყო. დაბლა ჩემ ცოლს შეგროვებული ჰქონდა ბოთლები, რეზინის ჩანთით ჩამოკიდებული იყო დაბლა სახლის კარებზე. ის ბოთლებიც მთლიანად დაცხრილული. რის წაღება უნდოდათ? სახლში ისედაც არაფერი გვქონდა.



,,90-იანი წლების ხსოვნა“

ეს ის პერიოდია, რომელიც თრიალეთის ქედის სოფლებში ძალიან მძიმე გასახსენებელია. საქონლის წართმევა, დაშინება, დაპირისპირება არაფორმალურ დაჯგუფებებთან, რომლებიც საძარცვავად ადიოდნენ; რამდენიმე სოფელში მკვლელობაც მოხდა. ეს უსიამოვნო ფაქტები ამ სოფლების მოსახლეობაში ყოველთვის იგივდება ქართულ-ოსურ კონფლიქტთან.

ძნელია დაარწმუნო ეს ადამიანები იმაში, რომ კრიმინალური შემთხვევები, 90-იანი წლების დასაწყისში მთელ საქართველოში გამეფებული იყო. მთებს შორის მოქცეულ სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს იმის განცდა ჰქონდათ, რომ ისინი აუცილებლად ეთნიკური ნიშნის მიხედვით არსებულ დაპირისპირების მსხვერპლნი ხდებოდნენ.

ასე არ ფიქრობს ქარელის მერის ყოფილი მოადგილე ნუგზარ დაბრუნდაშვილი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს და სხვა უფრო, უმნიშვნელო თანამდებობაზე გადაიყვანეს. მისი თქმით, ძამას ხეობაში, სადაც კონფლიქტური სიტუაციებით იქაური მოსახლეობა ყველაზე მეტად დაზარალდა, მოსახლეობამ კონფლიქტამდე ადრე დაიწყო დაცლა. მისი აზრით, ეს გამოწვეული იყო დუხჭირი ცხოვრებით.

,,ბუდეამოცლილი კარი“

ბატონმა თენგიზმა ინტერვიუს შემდეგ, სახლის მეორე სართულის აივანზე აგვიყვანა. ერთ-ერთი ოთახის კარს დღესაც არა აქვს საკეტი. ეს საკეტი, სწორედ, 20-წლის წინ გატეხეს. მას შემდეგ, ამ კარს საკეტი აღარ ჰქონია.
ამ კარის შიგნით, მაგიდაზე უამრავი მედიკამენტი დავინახეთ. ტელევიზორი არსად ჩანდა.

,,ტელევიზორი გამიფუჭდა, წაიღეს გასაკეთებლად, მაგრამ ვეღარ გაკეთდა. მაგრამ არ მაწუხებს, რადიო მაქვს და ყველანაირ ინფორმაციას ვუსმენთ“ - ეს თქვა და მაცივრის ზემოდან ,,რადიოლა“ აიღო. ჩართო და დაიწყო: ,,თქვენ უსმენთ საქართველოს ხმას“.
,,ეს რადიო ძალიან მეხმარება. აქამდე მთელი 20 წელიწადი შუქი არ გვქონდა. სულ ცოტა ხნის გამოიყვანეს დენი. ამ ხნის მანძილზე ასეთ უშუქობაში ვიყავით“ - ამბობს თენგიზ გაგლოშვილი.

ქვემოთ ფოტოზე: იური გაგლოშვილი: ,,ამოვიდა გამგებელი, გვითხრა, გზას გაგიკეთებთო, მაგრამ არ გაკეთდა. ეტყობა, რაღაც მოხდა"



რა გავაშუქოთ?

მოხუცმა კაცმა ძალიან ბევრი ისაუბრა. უცხო ადამიანებს გული გადაგვიშალა. მოგვიყვა იმ ურემის შესახებ, რომლის ზომა საკმაოდ დიდი იყო; რომელსაც მხოლოდ მისი ხარები ერეოდნენ.

გვითხრა, როგორ უვლიდა ბავშვობაში საქონელს; მცირე, მაგრამ ნაყოფიერ ნაკვეთებს, სადაც ყოველ სეზონზე რამდენიმე ურემი ნაკელი შეჰქონდა:

,,ნაკელი მიწაში 7 წელი სძლებს; შხამქიმიკატები კი, პირიქით, ფიტავს მიწავს“ - გვითხრა თენგიზ გაგლოშვილმა.

მოვდივართ კრისხევისკენ და ვფიქრობთ, რა გავაშუქოთ? გზა? წყალი? დენი? გაზი? ჩვენ ხომ 90-წლამდე ასაკის ადამიანის საუბარი გვაქვს; იმ ადამიანის, რომელმაც თავისი და სოფლის თავგადასავალი გვიამბო.



იხ. ამავე თემაზე:

,,მოხრეშილი" გზა სოფელ კრისხევიდან ღართამდე (VIDEO/PHOTO)

მემორიალური საფლავი ბოლშევიკისა, რომლის სახელს ზნაურის რაიონი ატარებს


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.