ახალი ამბები
გორში ნაავარიები ძაღლი ნაგვის მანქანაში ჩაგდებას გადარჩა
დღეს, დილით, გორში, პუშკინის ქუჩაზე, ძაღლს მანქანამ დაარტყა. თვითმხილველების თქმით, გზის სავალ ნაწილზე მწოლიარე ცხოველს კიდევ რამდენიმე მანქანამ ფეხებთან გადაუარა.

ფაქტის შესახებ პუშკინის ქუჩაზე მცხოვრებმა მოქალაქემ ჯერ საპატრულო პოლიციაში დარეკა, შემდეგ მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფარში:

,,თავშესაფარში როდესაც დავრეკე, მითხრეს, რომ ბრიგადა გასული იყო და შემთხვევის ადგილზე მივიდოდნენ. დაახლოებით 40 წუთის შემდეგ მოვიდაბრიგადა. მანამდე, ჩემდა გასაოცრად ნაგვის მანქანა მოვიდა. მძღოლმა რომ დაინახა ცოცხალი ძაღლი, ამას მე ვერ წავიყვან, ცოდოაო" - გვითხრა ქალბატონმა, რომელმაც ინიციატივა გამოიჩინა ძაღლის გადასარჩენად.

რატომ მივიდა ნაგვის მანქანა პუშკინის ქუჩაზე, ამის თაობაზე, ძაღლთა თავშესაფრის ხელმძღვანელს თამარ აფციაურსაც აინტერესებს:

,,ჩვენგან არ ყოფილა მსგავსი შემთხვევა, რომ ძაღლისთვის ნაგვის მანქანა გაგვეგზავნა. მკვდარიც რომ ყოფილიყო ძაღლი, ამას არ გავაკეთებდით. თაშესაფარს აქვს თავისი სამარხები, სადაც შესაბამისი წესით უნდა დაიკრძალოს ცხოველი. ამ ძაღლს რაც შეეხება, ამჟამად, ჩვენი ვეტერინარი გასულია, დილით, დაგვეთხოვა, რაღაც პრობლემების გამო. ჩაუტარდება ყველა შესაბამისი პროცედურები" - აცხადებს თამარ აფციაური. მისი თქმით, თუ ვინმე დაამტკიცებს, რომ თავშესაფრის თანამშრომლებმა ნაგვის მანქანა გამოიძახეს ან ასე ურჩიეს მოქალაქეს, აუცილებლად დაითხოვს თანამშრომლებს სამსახურიდან.

,,არა, თავშესაფრიდან ასეთი პასუხი არ ყოფილა. ჩემთვის არ უთქვამთ, რომ ვერ მოვალთო და ნაგვის მანქანა გამოიძახეთო. ასეთი რამ ნამდვილად არ ყოფილა. უბრალოდ, მეც მაინტერესებს, რატომ მოვიდა ნაგვის მანქანა ცოცხალ ძაღლთან." - აცხადებს მოქალაქე.

სოციალურ ქსელში ნაავარიები ძაღლის შესახებ ინფორმაცია კლინიკა ,,მარკოს" ხელმძღვანელმა ირმა მთიულიშვილმა გაავრცელა. მისი თქმით, ამჟამად, პუშკინის ქუჩაზე, ფეხებდამტვრეული ძაღლი მათ კლინიკაშია:

,,ეს ძაღლი ამჟამად ჩვენთანაა. თავშესაფრიდან ერთმა ბიჭმა მოიყვანა" - ამბობს ირმა მთიულიშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები