ახალი ამბები
ქარელში სოციალურად დაუცველს 3 წლის თანხას აუნაზღაურებენ
ქარელში მცხოვრებმა სოციალურად დაუცველმა მოქალაქემ სასამართლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მოუგო. ოჯახი, ბოლო სამი წლის განმავლობაში, მიუღებელ თანხას მიიღებს, რომელიც ჯამში 2 120 ლარს შეადგენს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ცნობით, ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც თავის მხრივ ძალაში დატოვა ხაშურის სასამართლოს 2017 წლის მარტის გადაწყვეტილება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ქარელის ორგანიზაციის იურისტი ერთი წლის განმავლობაში, სამივე ინსტანციის სასამართლოს არწმუნებდა, რომ გადაწყვეტილება, სოციალური დახმარების არდანიშვნის თაობაზე, კანონიერი და საფუძვლიანი იყო.

საქმე იმაშია, რომ ქარელში მცხოვრები ოჯახი, 2013 წელს, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა შეამოწმეს. ოჯახის წარმომადგენელმა დეკლარაციაზე ხელი არ მოაწერა იმ მიზნით, რომ ისინი არ ენდობოდნენ ქარელის სოციალური მომსახურების სააგენტოს.

ამ გარემოების მიხედვით, ქარელის სოციალური მომსახურების სააგენტომ ოჯახის სარეინტიგო ქულა არ დაიანგარიშა, ჩათვალა, რომ დეკლარაცია არაა შევსებული და ოჯახს სოციალური დახმარება არ დაუნიშნა.

რამდენიმე წლის შემდეგ, 2017 წელს, მოქალაქემ ხაშურის სასამართლოს მიმართა და ქარელის სოციალური მომსახურების სააგენტოს წინაშე საჩივარი შეიტანა. მომჩივანის აზრით, მომსახურების სააგენტოს ქარელის განყოფილების წარმომადგენელს კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე უნდა შეევსო დეკლარაცია, დაეფიქსირებინა შესაბამისი ქონება და დათვლილიყო სარეინტიგო ქულა.

,,ამდენად, მხოლოდ ის გარემოება, რომ მოქალაქეს თავისი შეხედულება ჰქონდა დეკლარაციის შევსების დროს მიწის ნაკვეთის ოდენობასა და უძრავი ქონების ფართთან დაკავშირებით, არ შეიძლება გამხდარიყო დეკლარაციის შევსებაზე უარის თქმის საფუძველი სააგენტოს მუშაკის მხრიდან, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოქალაქე არ უწევდა წინააღმდეგობას და თანახმა იყო შევსებულიყო დეკლარაცია, მხოლოდ აცხადებდა, რომ ჰქონდა თავისი მოსაზრებები საცხოვრებელ ფართთან და მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, უნდობლობას უცხადებდა ქარელის განყოფილებას“ - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები