ახალი ამბები
რობერტ მშვიდობაძემ პუტინთან ერთად ივარჯიშა
ორენბურგის ოლქის ძიუდოს ფედერაცია აქვეყნებს ფოტოებს, რომლებზეც რუსეთის ნაკრებში მოასპარეზე, წარმოშობით გორელი სპორტსმენი, რობერტ მშვიდობაძე რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ერთადაა გადაღებული.

ფედერაციის ინფორმაციით, რობერტ მშვიდობაძე სოჭში რუსეთის ნაკრებთან ერთად ვარჯიშობს და გერმანიაში გასამგზავრებლად ემზადება. 22-24 თებერვალს გაიმართება დიუსელდორფის გრანდ სლემი, სადაც მშვიდობაძე რუსეთის სახელით 60 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს.

„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მსოფლიო რეიტინგის პირველ ნომერთან, ორენბურგელ რობერტ მშვიდობაძესთან ერთად“ - ასე ასათაურებს ორენბურგის ძიუდოს ფედერაცია საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას.

როგორც ამ პოსტიდან ირკვევა, ვლადიმერ პუტინი ძიუდოისტების წვრთნას დაესწრო და თვითონაც მათთან ერთად ივარჯიშა.

29 წლის რობერტ მშვიდობაძემ კარიერა გორის ძიუდოს სკოლაში დაიწყო, თუმცა რუსეთში ადრეულ ეტაპზევე წავიდა. მან 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთის სახელით იასპარეზა და ვერცხლის მედალი აიღო. რობერტ მშვიდობაძე არის ევროპის ჩემპიონი, რუსეთის ჩემპიონატების მრავალგზის ბრინჯაოს მედალოსანი, რუსეთში მიღებული აქვს სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატის წოდება.

თემა: კატეგორია
Print

სტატიის გამოყენების პირობები