ახალი ამბები
აუდიტის შეფასებით ძველი უბნიდან ბიუჯეტმა მილიონამდე ლარი დაკარგა


გარდა ამისა, მშენებლობის პროცესში და საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირების დროს, სამშენებლო მასალების რაოდენობა შემცირდა. მიუხედავად, სამშენებლო მასალების შეკვეცისა, ერთ-ერთ კომპანიას ხელშეკრულების ღირებულება არ შეუმცირდა.  ეს მონაცემები სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გორის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წწ ფინანსური დოკუმენტების შემოწმების შემდეგ გამოავლინა.

 

საქმე ეხება  საქართველოს მთავრობის მიერ 2012 წლის 8 თებერვალს მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილ 7 900 000 ლარის ღირებულების სამუშაოებს. პროექტი გორში, ძველ უბანში, წერეთლის ქუჩის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. ის 58 საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციას და ქუჩების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოიცავდა.

 

მთავრობის განკარგულების საფუძველზე გორის მუნიციპალიტეტმა 2012 წელს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 9 ხელშეკრულება გააფორმა - 7 ხელშეკრულება ,,სამშენებლო ტრესტი #3" - თან და 2 ხელშეკრულება შპს ,,იბოლიასთან".

 

სამუშაოების დაჩქარებული ტემპებით ჩატარების მოტივით, მუნიციპალიტეტმა კომპანიებს ავანსად საერთო ღირებულების 98% ( 7 355 400 ლარი) გადაურიცხა. აუდიტის შეფასებით, ხელშეკრულებები წინასწარი ანგარიშსწორების პირობას არ ითვალისწინებდა და არც საბანკო გარანტიები იყო წარდგენილი. პირიქით, თანხები ეტაპობრივად უნდა გადარიცხულიყო.

 

აუდიტი განსაკუთრებულ ყურადღებას სამუშაოების შესრულების ვადების დაცვას აქცევს. კომპანიებს სამუშაოები 2012 წლის 1 მაისს და 20 ივნისს უნდა დაესრულებინათ, თუმცა გათვალისწინებული ვადების დაცვა ვერ მოახერხეს. წერილობით მიმართვებში კომპანიების წარმომადგენლები, ვადების გაგრძელების მიზეზად, სამუშაოების მოცულობის და ფასების ზრდას ასახელებდნენ. მუნიციპალიტეტმა სამუშაოების დასრულების ვადა 1 სექტემბრამდე გადაუწია.

 

აუდიტმა აქტების შესწავლისას დაადგინა, რომ  სამუშაოების საერთო მოცულობები არ გაზრდილა. აუდიტს მიაჩნია, რომ კომპანიის მიერ წარდგენილ არც ერთ მოტივს სამუშაოების ვადების ცვლილება არ უნდა გამოეწვია.  მუნიციპალიტეტს ნაცვლად იმისა, რომ მათთვის ხელშეკრულების ვადები გადაეწია, პირგასამტეხელოს გადახდაზე უნდა ეზრუნა. პირგასამტეხელოს თანხების რაოდენობა თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეების მიხედვით დაითვალა.

 

,,მუნიციპალიტეტის მიერ პირგასამტეხელოს დარიცხვის შემთხვევაში ტრესტი #3-ის სანქციის ოდენობა 682 800 ლარი იქნებოდა, ხოლო შპს ,,იბოლიასთვის" - 61 500 ლარი." - აღნიშნავს სახელმწიფო აუდიტი.

 

სამუშაოების დაგვიანებისთვის მუნიციპალიტეტმა ზედმეტად გასწია მოსახლეობისთვის ბინის ქირავნობის ხარჯი, რაც დაახლოებით დამატებით 33 000 ლარს შეადგენს.

 

გარდა ამისა, დოკუმენტებით ირკვევა, რომ ჩატარებული სამუშაოების ექსპერტიზის ხარჯები 116 00 ლარი მუნიციპალიტეტმა გაიღო. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, ექსპერტიზების ჩატარება კომპანიებს საკუთარი სახსრებით უნდა უზრუნველეყოთ. 

 

რაც შეეხება საპროექტო თანხებს, აუდიტის ცნობით, ამაში მუნიციპალიტეტმა 280 000 ლარი გაიღო. იმ საპროექტო დოკუმენტის ხარჯთაღრიცხვაში, რომელიც კომპანია ,,გეო" -მ თავდაპირველად შეადგინა და 1 მლნ ლარის სამუშაოებზე იყო გათვლილი, იქ მხოლოდ სამშენებლო მასალების შეძენა ეწერა. მუნიციპალიტეტის შეკვეთილ პროექტში სამშენებლო მოწყობის სამუშაოები არ ეწერა. სამუშაოები შპს ,,იბოლიას" უნდა შეესრულებინა 1 მლნ ლარად (სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოებზე). როგორც ირკვევა, შემდგომში შპს ,,გეომ" პროექტის კორექტირება მოახდინა. ამან სამშენებლო მასალების რაოდენობის ცვლილება გამოიწვია. მართალია კორექტირებული ხარჯთაღრიცხვით სამშენებლო მასალების რაოდენობა შემცირდა, ხელშეკრულების ღირებულება არ შეცვლილა და მილიონ ლარად დარჩა.

 

,,აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მუნიციპალიტეტმა შეისყიდა და ჩაიბარა ისეთი ტიპის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც შეიცავდა ხარვეზს სამუშაოების რეალური შემადგენლობის შესახებ, ამასთან ზუსტად არ იყო განსაზღვრული ერთეულის ღირებულებები." - წერს აუდიტი.

 

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ აუდიტის ჯგუფმა ქალაქის ძველ უბანში, შერჩევის მეთოდით, საპროექტო სამუშაოების მოცულობასთან ცალკეული სამუშაობის შესაბამისობა შეისწავლა და დაათვალიერა. ,,შემოწმების შედეგად გამოვლინდა მცირე მოცულობის შეუსრულებელი სამუშაოები, რასაც პასუხისმგებელი პირებიც ადასტურებენ" - ასკვნის აუდიტი ძველის უბნის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით.

 

ჯამში თანხები ასე გამოიყურება:

 

შპს ,,სამშენებლო ტრესტი #3"-ისთვის არდაწესებული პირგასამტეხელო - 682 000 ლარი

შპს ,,იბოლიასთვის" არდაწესებული პირგასამტეხელო - 61 500 ლარი

ბინების ქირა - 33 000 ლარი

მუნიციპალიტეტის მიერ ექსპერტიზისთვის უსაფუძვლოდ გაღებული 116 00 ლარი

ხარვეზიანი პროექტისთვის 280 000 ლარი

 

არ არის დათვლილი შპს ,,იბოლიასთან" გაფორმებული 1 მლნ-იან პროექტის ხარჯთაღრიცვაში შემცირებული სამშენებლო მასალების ფასიც, რომელიც 1 მლნ ლარს გამოაკლდებოდა.

 

პ.ს. საგულისხმოა, რომ ეს ის კომპანიებია, რომელთა ხელმძღვანელებს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, მაშინდელი მმართველი გუნდის პარტიის ანგარიშზე, ათასობით ლარი შეწირულობის სახით ნებით თუ უნებლიეთ შეჰქონდათ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები