ახალი ამბები
აჭარელი გიორგი ხოზრევანიძე ძამას ხეობაში - სოფელ გვერძინეთის შესახებ
სოფელ გვერძინეთში ამჟამად 15-მდე კომლი ცხოვრობს, რომლებიც აჭარიდან 90-იან წლებში სტიქიის შემდეგ დაასახლეს. ისინი ჯერ ახალქალაქის რაიონში ცხოვრობდნენ, შემდეგ კი, ქარელის მუნიციპალიტეტის ამ სოფელში გადაიყვანეს საცხოვრებლად.

მათ შორის 25-წლის გიორგი ხოზრევანიძეა. ის იმ პერიოდში ასაკით პატარა იყო, თუმცა გადმოსახლების პერიოდი ახსოვს. ახსოვს ისიც, რომ ჩასახლების პირველ წლებში გვერძინეთში უფრო მეტი აჭარელი ცხოვრობდა. ბოლო წლებში, რამდენიმე ოჯახმა უკვე დატოვა სოფელი. წასვლაზე ფიქრობენ სხვებიც, თუმცა გიორგი ხოზრევანიძეს და მის ოჯახს არ უფიქრია ძამას ხეობის დატოვება:

,,სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან მენატრება ეს ადგილი. მე აქ გავიზარდე და მიხარია ისიც, რომ სხვებსაც ძალიან მოწონთ ეს ადგილი" - ამბობს გიორგი ხოზრევანიძე. მისმა ოჯახმა სახლი უკვე დაირეგისტრირა, თუმცა მიწის ნაკვეთს ვერ ირეგისტრირებს. როგორც ცნობილია, გვერძინეთიდან, ქართულ -ოსური კონფლიქტის დროს, 90-იან წლებში, ეთნიკურმა ოსებმა სოფლები მიატოვეს. მათ შორის, სოფელ გვერძინეთში მცხოვრებლებმა.

გიორგი დედა, გულიკო ხოზრევანიძე ამბობს, რომ სახლის რეგისტრაცია შეძლეს:

,,ამ სახლში ვინც ცხოვრობდნენ, ის ადამიანები უკვე გარდაიცვალნენ, წასულები იყვნენ ჩრდილოეთ ოსეთში, მაგრამ მოვძებნეთ მისი შვილიშვილი, რომელიც დაგვეხმარა სახლის რეგისტრაციაში. თუმცა, ვერ ვიმტკიცებთ ნაკვეთს. არქივებში ვერ მოვძებნეთ მიწის განაწილების დამადასტურებელი დოკუმენტები. ამ სახლის მეპატრონე კომუნისტების პერიოდში ფერმაში მუშაობდა და პრივატიზაციის დროს მიუციათ მიწა, თუმცა ეს ფაქტი არქივში ვერ ვნახეთ. ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ ქარელის საკრებულოს აღიარებითმა კომისიამ მიწის ნაკვეთი დაგვიმტკიცოს" - აცხადებს გულიკო ხოზრევანიძე.



გიორგი ხოზრევანიძეს კი, ყველაზე მეტად აწუხებს, რომ ფაქტი, რომ ხეობის ტურისტული პოტენციალი გამოუყენებელია:

,,ჩვენი სოფელი ბოლო სოფელია ძამას ხეობაში, რომელიც ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილია. ჩვენს შემდეგ მოსახლეობა თითქმის აღარ ცხოვრობს. ამ სოფლის შემდეგ უამრავი ეკლესია-მონასტერია, სადაც უამრავი ადამიანი ჩამოდის მათ მოსანახულებლად. უკან როცა ბრუნდებიან, გვიწევს მათთან საუბარი. ყველა აღფრთოვანებულია ამ ადგილებით და ეს მეც ძალიან მახარებს. ვისურვებდი, რომ ისეთი სიტუაცია შეიქმნას, რომ ეს ტურისტული პოტენციალი გამოვიყენოთ. ადგილზე დასაქმდეს აქაური მცხოვრები; რომ აღარ მიწევდეს სამუშაოდ სხვაგან წასვლა" - ამბობს გიორგი ხოზრევანიძე.

წელიწადის სხვადასხვა დროს გიორგი ხოზრევანიზე სამუშაოდ თურქეთში მიდის.

 

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები