ახალი ამბები
ვერა ხაბალოვი გვერძინეთიდან - ,,ძლიერი ქალი გავხდი ბევრი უბედურების შემდეგ"
80-წლის ვერა ხაბალოვი სოფელ გვერძინეთში ცხოვრობს. ის ერთ-ერთია იმ ოჯახებიდან, რომელმაც სოფელი არ მიატოვა, მათ შორის, ქართულ-ოსური კონფლიქტის შემდეგ. გვერძინეთში, მის მეზობლად აჭარიდან (ხულოს რაონიდან) ჩასახლებული ეკომიგრანტები ცხოვრობენ.

თბილისში დაოჯახდა, ცხოვრების ბოლო წლებში კი, სოფელში მეუღლესთან ერთად დაბრუნდა. მეუღლე გარდაეცვალა, ამჟამად, მარტო ცხოვრობს.

,,თბილისში კი ვიცხოვრებდი ჩემ შვილებთან ერთად, მაგრამ მე აქ მირჩევნია. არა იმიტომ, რომ არ მივლიან ან არ მაქცევენ ყურადღებას. უბრალოდ, აქ გავატარე ჩემი ბავშვობა. ის ბავშვობა, როდესაც ჩემ ოჯახს ბევრი უბედურება გადახდა თავს." - ამბობს ვერა ხაბალოვი. მისი თქმით, ძლიერი ქალი იმიტომ გახდა, რომ ცხოვრებამ ბევრი სირთულე გადაატანინა.

მასთან ინტერვიუს ჩასაწერად მეზობელმა მიგვიყვანა. ,, მე ყველაფერს მოგიყვებით ჩემი ცხოვრების შესახებ. მე ეს არავისთვის მომიყოლია და სულ მინდოდა, რომ ვინმესთვის მესაუბრა" - გვითხრა ვერა ხაბალოვმა.

ის დაიბადა მეორე მსოფლიო ომის პირველ წლებში. ჰყავდა 3 და-ძმა. სულ 4-ნი იყვნენ. პირველი უბედურება იმ დროს დაატყდათ თავს, როდესაც ერთი ბავშვი ჩუტყვავილათი დაეღუპათ. შემდეგ კი, მამა ომში გაიწვიეს:

,,მაშინ დაახლოებით 5 წლისაც არ ვიყავი. სოფელში მამაკაციც კი არ იყო დარჩენილი. ქალები მუშაობდნენ მინვდრებში. შუანოს მთისკენ ურმით წამოიღეს თივა. გზაში ეს ურემი გადაბრუნდა. როდესაც ცდილობდნენ ურმის გასწორებას, სარი თეძოებში შეერჭო დედაჩემს. მას შემდეგ ლოგინად ჩავარდა. მამაჩემი დაბრუნდა ომიდან და დედაჩემი კვლავ ამ მდგომარეობაში დახვდა." - იხსენებს ვერა ხაბალოვი.

მამამ ერთ-ერთი შვილი გუჯარეთში გააგზავნა. ბიჭი 14 წლის იყო.

,,ჩემი ძმა, რომელიც 14 წლის იყო, მამამ დედის სამშობლოში, გუჯარეთში გააგზავნა. ბებია ჩამოიყვანეო. ის თქვენ მოგივლით და დედას მე წავიყვან თბილისში, ექიმთანო.

გზაში გაწვიმდა. ჩემი ძმა ასკილის ბუჩქთან მისულა. ამ დროს მეხი ჩამოვარდნილა და დაიღუპა ჩემი 14 წლის ძმა" - იხსენებს ვერა ხაბალოვი.

40 დღეც არ იყო გასული, რომ ძმის გარდაცვალებას დედა მიჰყვა: ,,დედაჩემმა ეს ამბავი ვერ გადაიტანა. ინერვიულა და დაიღუპა. წარმოიდგინეთ 40 დღეც არ იყო გასული, რომ ჩვენ ოჯახში უკვე მეორე გარდაცვლილი ესვენა" - იხსენებს ვერა ხაბალოვი.

დედის გარდაცვალების შემდეგ, ოჯახში გლოვა იყო. პატარა გოგონა, რომელიც ვერა ხაბალოვის და იყო, მუდამ ტიროდა:

,,არ ჩერდებოდა ჩემი და. სულ ტიროდა, დედა მინდაო. ბებიამ გადაწყვიტა, რომ ხაშურში ინტერნატში წაეყვანა. იქ ცოტა გაერთობა და გულს გადააყოლებსო. გუდაში ჩასვა ბავშვი და პირდაპირ მთებს იქით, ბუკნარიდან წაიყვანა ფეხით ხაშურში. იქ რომ მივიდნენ, რაღაცნაირად შეეშინდა. არ მოეწონა იქაურობა. შეაშინეს, რომ ურიები აღდგომის დროს, ბავშვებს ერჩიანო.

მეორე სართულიდან გადმოხტა ბებია, თან ეს პატარა ბავშვი გუდაში ჰყავდა გახვეული. გადმოხტომის დროს, ბავშვს ფილტვები დაუზიანდა და დაიღუპა. ეს ამბავი დედის გარდაცვალებიდან მალევე მოხდა, ისე, რომ 40 დღე არ იყო გასული" - იხსენებს ქალბატონი ვერა.

მამამისთვის ეს უკვე მესამე შვილი იყო, რომელიც გარდაიცვალა:

,,მესამე შვილის დაკრძალვაზე საქონელი რომ მოჰყავდა დასაკლავად, მამაჩემს სიმღერა დაუწყია. ხალხს ეგონა გაგიჟდა და ჭკუიდან შეიშალაო. ღმერთს ეხვეწებოდა, მეოთხე შვილი მაინც გადამირჩიენო" - ყვება ქალბატონი ვერა.

მეოთხე შვილი გადარჩა. ბებიაც დაიღუპა. მამამ ახალი ცოლი მიიყვანა, რომელსაც შვილები არ ჰყავდა. ვერა ხაბალოვი დედინაცვალთან პირველ შეხვედრას იხსენებს:

,,როდესაც დედინაცვალი მოიყვანეს, მითხრეს, რომ ეს იქნება დედაშენიო. მე ვუთხარი, ეს დედაჩემი არ არის, დედაჩემი მოკვდა-მეთქი. როგორც ჩანს, ამ სიტყვებმა დედინაცვალზე იმოქმედა. მას შემდეგ სულ მცემდა. ინტერნატშიც კი ჩამაბარეს. ახალგაზრდა რომ გავხდი, ჩემზე ცოტა უფროსს კაცს გამაყოლეს თბილისში.


ძალიან კარგი ქმარი შემხვდა. როცა მოვღონიერდი და კარგი ოჯახი შევქმენი, მერე უკვე კარგი ,,შვილი" ვიყავი დედინაცვლისთვის. ის ორი წლის წინ ვლადიკავკაზში დაიღუპა" - ამბობს ვერა ხაბალოვი.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები