,,დემოკრატია იმას ითვალისწინებს, რომ ყველას აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება" - გორის მერი ,,თბილისი პრაიდზე"
„დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, დემოკრატია იმას ითვალისწინებს, რომ ყველას აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება.“-ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მუნიციპალიტეტის მერმა „თბილისი პრაიდის“ თემის კომენტირებისას განუცხადა.

პარალელურად, კონსტანტინე თავზარაშვილი თვლის, რომ თუ პრაიდის მონაწილეების გამოსვლა საზოგადოების ნაწილს აღიზიანებს, ძალადობის პრევენციის მიზნით, მაშინ ის, არ უნდა გაიმართოს.

„სამართალდამცველები კი იქნებიან მობილიზებულები, მაგრამ უნდა მოერიდნონ ლგბტ თემის წარმომადგენლები საზოგადოების გაღიზიანებას.“ - აღნიშნა მერმა.

კონსტანტინე თავზარაშვილი ბიზნესმენ ლევან ვასაძის რადიკალურ განცხადებებს და მოწოდებებსაც გამოეხმაურა და გაემიჯნა.

„შენი ქმედებით არ უნდა გამოიწვიო მოსახლეობის გაღიზიანება, რაც შეეხება ლევან ვასაძის გამოსვლებს და განცხადებებს, ცხადია, ეს მიუღებელია.“-აცხადებს თავზარაშვილი.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. ძალოვან უწყებაში განაცხადეს, რომ პრაიდის ორგანიზატორებსა და სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგა, სადაც უწყებამ რეკომენდაციის სახით, ორგანიზატორებს ურჩია პრადი არ გაიმართოს. ამ რეკომენდაციაას გახარიას უწყებაში პრაიდის მონაწილეთა უსაფრთხოებაზე ზრუნვით ხსნიან. სამინისტროში ასევე აღნიშნავენ, რომ თუ პრაიდი გაიმართება, სამართალდამცველები მაქსიმალურად დაიცავენ მოქალაქეების უსაფრთხოებას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები