გორის მერი ტყუილში საკრებულოს თავმჯდომარემ ამხილა
რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტის შეფასებისაგან გორის მერი თავს იკავებს. კონსტანტინე თავზარაშვილმა qartli.ge-ს ჟურნალისტს უთხრა, რომ პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით საკრებულოს თავმჯდომარესთან, დავით რაზმაძესთან ერთად იმყოფება და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ საქმის კურსში არ არის და შესაბამისად, კომენტარს ვერ გააკეთებს.

,,პოლონეთში ვარ, სხდომაზე ვზივარ, ვერ გიპასუხებთ ვერაფერს. არ ვარ ქვეყანაში და არ ვიცი ვინ არის ჩამოსული და რატომ.“-გვითხრა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

მერთან საუბრის შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით რაზმაძეს დავუკავშირდით, რომელმაც გვითხრა, რომ პოლონეთში მერთან ერთად ნამდვილად აქვს ვიზიტი დაგეგმილი, თუმცა, ფრენა თბილისის დროით 15:00 საათზეა დაგეგმილი.

,,ჯერ გზაში ვართ, გორიდან ეხლა გავედით. სამ საათზეა დაგეგმილი ფრენა.“-აცხადებს გორის საკრებულოს თავმჯდომარე.

შეგახსენებთ, რომ რუსი დეპუტატები საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 26-ე სესიაზე ჩამოვიდნენ. სხდომას სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტში, თავმჯდომარის სავარძლიდან უძღვებოდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები