ბიჭიკო ბეგაშვილი - სოფელ ხეითიდან
,,ხალხს ძალიან უჭირს. ჩემთან მოდიან ფულის სათხოვნელად. მე კიდევ, იმდენი არ მაქვს, რომ ყველას გავუნაწილო. დღეში შეიძლება 4 ლარი ვიშოვო" - ამბობს ბიჭიკო ბეგაშვილი, რომელიც გორისციხის ძირში, ლიახვის სანაპიროზე სასწორთან მუშაობს.

4 წელია სოფელ ხეითიდან დევნილი ბიჭიკო ბეგაშვილი ხალხის წონას ამოწმებს. ის უკვე 80 წლისაა და ცდილობს სახლში დატოვებულ, ავადმყოფ მეუღლესაც მიხედოს. ,,ჩემი ცოლი მწოლიარეა, 8 წელია ამ მდგომარეობაშია. მეც ვცდილობ, ვიმუშაო და თან მეუღლეს მივხედო" - ამბობს ბატონი ბიჭიკო.

იხსენებს ახალგაზრდობას, რომელიც დიდი ლიახვის ხეობაში, სოფელ ხეითში გაატარა.

,,ახალგაზრდა ვიყავი, როდესაც ანთება დამემართა. ძლივს გადავრჩი. ექიმებმა გადამარჩინეს. მას შემდეგ არ შეიძლებოდა მზეზე ჩემი ყოფნა. სულ ვცდილობდი ჩრდილში ყოფნას. სახლის წინ ღვინოს ვყიდიდი ხოლმე. კარგი ღვინო მომყავდა სოფელში. ახლა, სად შემიძლია ამის გაკეთება" - ამბობს ბიჭიკო ბეგაშვილი.

ამჟამად, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. სოფელი ხეითი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, დატოვა.

,,ჩვენი სოფლის დაბომბვა, რომ დაიწყო, ტყე-ტყე წამოვედით. მე არაფერი დამიშავებია ოსებისთვის, თუმცა, ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ხალხს ხოცავდნენ." - იხსენებს ბიჭიკო ბეგაშვილი.

გორში, მუშაობა იმ სასწორით დაიწყო, რომელსაც მეუღლე იყენებდა. ,,ჩემი ცოლი მუშაობდა სასწორზე. როცა ავად გახდა, მერე მე დავიწყე მუშაობა და ხალხს ვწონი. ზოგი გამხდარი რომ მოდის, მთხოვს, ცოტა წონა მომიმატეო, ზოგს კი, ვისაც მძიმე წონა აქვს, მეუბნება, რომ გამხდარი გამომაჩინეო" - აცხადებს ბიჭიკო ბეგაშვილი.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები