ფრაიბურგში სტუდენტებმა და ემიგრანტებმა თბილისში მიმდინარე აქციებს სოლიდარობა გამოუცხადეს
გერმანიის ქალაქ ფრაიბურგის სტუდენტებმა და იქ მცხოვრებმა ქართველებმა სოლიდარობის აქცია გამართეს და მხარდაჭერა მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით სახალხო პროტესტს გამოუცხადეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სტუდენტი ნოდო ეცადაშვილი ავრცელებს. ფრაიბურგში გამართული შეკრების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. გორელი სტუდენტი სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ
მიუღებელია ხალხზე ძალადობა, რუსული პოლიტიკური გავლენების ზრდა საქართველოში და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა ნებისმიერი გზით.

,,ჩვენი შეკრების მთავარი მიზანია, რომ მხარდაჭერა გამოვუცხადოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც გააპროტესტეს და არ შეეგუვნენ კომუნისტური პარტიის ლიდერისა და რუსეთის დუმის დეპუტატის მიერ, საქართველოს პარლამენტში უმაღლესი ტრიბუნის დაკავებას. აქვე ცნობილია, რომ აღნიშნულ დეპუტატს ხელი აქვს მოწერილი, 2008 წელს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობისათვის. აქედან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ პროტესტი არის სამართლიანი და ლეგიტიმური. ჩვენ არ მივეკუთვნებით არც ერთ პოლიტიკურ პარტიას; ჩვენი პოზიცია არის სახალხო. ქართველი ხალხისთვის მიუღებელი არის, იყო და იქნება მოძალადე ხელისუფლება. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დარბევის დროს დაპატიმრებული ადამიანები. ძალადობის ყველა ორგანიზატორი და შემსრულებელი უმკაცრესად დაისაჯოს. ჩვენ არ შევეგუებით ოკუპაციას და რუსეთის გავლენების ზრდას საქართველოში. მოვითხოვთ, რომ არც ერთმა ხელისუფლებამ ხელი არ შეუწყოს რუსეთის ანტიქართული გეგმების განხორციელებას." - განაცხადა ნოდო ეცადაშვილმა.


შეგახსენებთ, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია 20 ივნისის საღამოს დაიწყო. შეკრებილები აპროტესტებენ რუსეთის დუმის დეპუტატების თბილისში ჩამოსვლას და სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელის დაკავებას. "ქართულმა ოცნებამ" განმარტა, რომ გავრილოვის გამოჩენა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნაზე შეუთანხმებელი იყო. მათივე განცხადებით, ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება რუსული დელეგაციის მიერ საქართველოს დატოვების თაობაზე.

მიუხედავად ამისა, პროტესტი არ შეჩერებულა. 21 ივნისს მიტინგი დაარბიეს, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. დაშავდა ათეულობით ადამიანი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები