„საარჩევნო განვითარების სკოლები“ ახალგაზრდებს გორსა და ხაშურში მიიღებს
„საარჩევნო განვითარების სკოლები“ ახალგაზრდების მიღებას იწყებს. ამის შესახებ გორის N32-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მალხაზ მირუაშვილმა QARTLI.GE-ს განუცხადა. მისი თქმით, პროექტის მიზანი ახალგაზრდებში არჩევნების პოპულარიზაცია და სამოქალაქო ჩართულობის გაზრდაა.

მალხაზ მირუაშვილის ინფორმაციით, "საარჩევნო განვითარების სკოლის" სასწავლო პროგრამა ისეთ საკითხებს მოიცავს, როგორიცაა: საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაცია, 1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნები, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპები, არჩევითი ორგანოები საქართველოში, არჩევნებში ჩართული მხარეები, არჩევნების გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, გენდერული თანასწორობა და სხვა.

,,ტრენინგში მონაწილეობა 18-24 წლის ახალგაზრდებს შეუძლიათ. პროექტი ყოველწლიურად ტარდება და 10 სამუშაო დღე გრძელდება. მსურველები ჩვენს საოლქო საარჩევნო კომისიაში უნდა მოვიდნენ და ადგილზე შეავსებენ განაცხადს, 4-დან 11 ივლისის ჩათვლით. ასევე, თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ერთ ნაკადში 20 ახალგაზრდა უნდა იყოს, მაგრამ თუ მეტი იქნება მსურველი, მაშინ ორ ნაკადს გავაკეთებთ. ევროკავშირის თანადაფინანსებით ტარდება და მასში მონაწილეობა უფასოა’’ – განაცხადა მალხაზ მირუაშვილმა.

შიდა ქართლის რეგიონში გარდა გორისა, ,,საარჩევნო განვითარების სკოლაში’’ სწავლის მსურველებს ხაშურის N35 საოლქო საარჩევნო კომისიაც მიიღებს. ტრენინგი 15 ივლისიდან 26 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. პროექტი ევროპის საბჭოს (CoE) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით ხორციელდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები