გორის მერი: ,,ახალ ავტობუსებს თუ ყიდულობენ ჩვენთვის, არ ვიცი"
მუნიციპალური განვითარების ფონდი 10-მეტრიანი ავტობუსების შეძენას გეგმავს, მათ შორის, გორისთვის. თუმცა, გორის მერიამ ამის შესახებ არაფერი იცის.

ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ პროგრამა EBRD-ის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

მათივე ცნობით, ტენდერს თვის ბოლოს გამოაცხადებენ.

,,ჯერ მიმდინარეობს კვლევა და შემდეგ გაირკვევა, რომელ მუნიციპალიტეტს რამდენი ავტობუსი ჭირდება" - გვითხრეს პრეს-სამსახურში. პროექტის ღირებულება 19 მილიონი ლარია და რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.

პროგრამაში წერია, რომ ახალ ავტობუსებს გორის, ქუთაისის, თელავის, ზუგდიდის, ფოთისა და რუსთავისთვის შეიძენენ.

საკითხთან დაკავშირებით qartli.ge გორის მერს დაუკავშირდა, კონსტანტინე თავზარაშვილი ამბობს, რომ საქმის კურსში არ არის და ცენტრალური ხელისუფლებისთვის ავტობუსების შეძენა მას არ უთხოვია.

,,ჩვენ არ მოგვითხოვია ავტობუსების გადმოცემა. არც გამიგია, თუ მსგავსი რამ ხდება. რა ფორმით მივიღებთ ამ ავტობუსებს, ჯერ არ ვიცი. ჩვენ არ გვაქვს მსგავსი სახის ორგანიზაცია" - აცხადებს გორის მერი.

ცნობისთვის, გორს მუნიციპალური ტრანსპორტი ამ დრომდე არ ჰყავს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები