ხაშურის თოჯინების თეატრმა ,,ნარინჯისფერ ქობულეთზე" გრან-პრი მიიღო
„ნარინჯისფერი ქობულეთი“ ამ სახელწოდების ფესტივალი 11-17 ივლისს ქობულეთში გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობა უკრაინის, სომხეთის, ბელორუსიისა და აზერბაიჯანის თოჯინების თეატრებმა მიიღეს. საუკეთესო თეატრალური პერფორმანსისთვის ხაშურის თოჯინების თეატრმა გაიმარჯვა, დასის წევრები კი საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს.

„საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოს ჩვენ წარმოვადგენდით. ეს პირველი გრან-პრი არ არის. აქამდეც გაგვიმარჯვია სხვადასხვა ფესტივალებში, მათ შორის, საერთაშორისო დონეზე. ჩვენ დასში რვა მსახიობი თამაშობს. უკრაინულმა მხარემ შემოდგომით დაგეგმილ საერთაშორისო ფესტივალზე მიგვიწვია. ბოლო 15 წელია ინტენსიურად ვმუშაობთ ახალ სპექტაკლებზე. ამ დროსითვის რეპერტუარში 25 სპექტაკლი გვაქვს. ყოველწლიურად ხდება სპექტაკლების განახლება. ხაშურის მუნიციპალიტეტის სკოლებისა და საბავშვო ბაღის ბავშვებს სეზონზე ოთხ სპექტაკლს ვთავაზობთ " - აცხადებს ხაშურის თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლალი კახეთელიძე.

ხაშურის თოჯინების თეატრს სახალხო თეატრის წოდება 1992 წელს მიანიჭეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები