ვის დავუკავშირდეთ გორში, თუკი ჭის წყლის შემოწმება გვინდა
გორის მუნიციპალიტეტის ბევრ სოფელში მოსახლეობა სასმელად კვლავ ჭის წყალს მოიხმარს. წყალმომარაგების სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, სხვადასხვა ადგილზე, ჭის წყალი, მინერალების სხვადასხვა რაოდენობას შეიცავს.

გორის მერიის წარმომადგენელი ბონდო მარუაშვილი გვირჩევს, რომ ჭისგან დაშორებული უნდა იყოს ისეთი ობიექტები, როგორებიცაა: ტუალეტი, ბოსელი, საქათმე, სასუქის, ნავთობპროდუქტებისა და პესტიციდების შესანახი სათავსო.

ბონდო მარუაშვილის გორის მუნიციპალიტეტის ა(აიპ) ,,სასმელი წყლების, წყალარინების, მელიორაციის, ჭაბურღილებისა და სატუმბი სადგურების სამსახურის ხელმძღვანელია.

,,ყველა ოჯახი, რომელსაც ჭა აქვს, ვალდებულია, რომ პერიოდულად ამორეცხოს და ქლორის მეშვეობით ჭას დეზინფექცია გაუკეთოს. მითუმეტეს ზაფხულის პერიოდში. ჩვენთან ინდივიდუალური ჭებია, რომელიც იმ ოჯახის საკუთრებას წარმოადგენს, ვისაც აქვს. ამიტომ მოსახლეობამ თავად უნდა მოგვმართოს ჩვენ და ჩვენი წარმომადგენელი მივა ადგილზე, შეამოწმებს და დაადგენს, ვარგისია თუ არა წყალი. თუ დაქლორვას ექვემდებარება, ვეხმარებით დაქლორვაში. თუ დაქროლვას არ ექვემდებარება, მაშინ ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ ოჯახმა ეს წყალი სასმელად არ გამოიყენოს." - აცხადებს ბონდო მარუაშვილი

ბაქტერიოლოგიური შემოწმებისთვის საჭიროა სამი დღე. მესამე დღეს ოჯახს უკვე ეცოდინება პასუხი. ქიმიური შემოწმების პასუხი კი, იმავე დღეს იქნება მზად.

,,ჩვენ ვმუშაობთ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სოფლებში და მნიშვნელოვანია, რომ ეს მომსახურეობა არის უფასო. პერიოდულად მოსახლეობა ვალდებულია თავისი ჭა ამორეცხოს და გაუკეთოს დეზინფექცია ქლორის მეშვეობით. სადღაც ექვს თვეში ერთხელ მაინც. მითუმეტეს ზაფხულის პერიოდში’’ - ამბობს ბონდო მარუაშვილი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები