,,ბანერი დაბმული იყო მანქანაზე" - ამბობს გორის კეთილმოწყობის სააგენტოს დირექტორი
გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლის დაშავებასთან დაკავშირებით კომენტარი (ა) ა იპ-ის ხელმძღვანელმა გააკეთა. ბაჩანა გვიანიშვილის ინფორმაციით, 57 წლის რამაზ ლამაზოღლი მტვირთავ მუშად არის გაფორმებული.

დაშავებულის შვილი კი, აცხადებს, რომ 40 წლის მანძილზე, მამამისი დასუფთავების ფუნქციებს ასრულებს, ხოლო სატვირთო მანქანაზე არ უნდა აღმოჩენილიყო.

რამაზ ლამაზოღლი სატვირთო მანქანიდან ბანერთად ერთად გადმოვარდა. თავის არეში მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო და მესამე დღეა რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ბანერი, კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომელს, გოგებაშვილის ქუჩიდან კულტურისა და დასვენების პარკში გადაჰქონდა.

„ჩვენს სააგენტოს დაავალეს ღონისძიების ტექნიკური მხარდაჭერა. ორგანიზატორების დავალება იყო გადაგვეტანა ბანერი ერთი ადგილიდან მეორეზე. ბანერი მუშას არ უნდა გადაეტანა. უბრალოდ, დადეს სატვირთო მანქანაზე. სხვა საკითხია ის, თუ ვინ სად იყო და სად უნდა ყოფილიყო, ეს გაირკვევა. ბანერი გადატანის დროს დაბმული იყო, ასე ვიცი მე. მეტი უსაფრთხოების ზომები რაღა უნდა იყოს ამ შემთხვევაში? ეს ადამიანი მტვირთავ მუშად მუშაობს. ამ შემთხვევაში ეს მუშა ამ ღონისძიების ტექნიკურ მხარდაჭერაზე მუშაობდა. გამოძიებას ჩემთან ჯერჯერობით კითხვები არ ჰქონია. იმ დილითაც გადავიტანეთ სკამები, პარასკევსაც დავეხმარეთ და შაბათსაც. მერიის წერილი გვაქვს, რომ ტექნიკური მხარდაჭერა გვევალებოდა ღონისძიების. უსაფრთხოებიუს ზომები იყო თუ არა მაქსიმალურად დაცული, ამ კითხვას პასუხი საგამოძიებო უწყებამ უნდა გასცეს“ - გვითხრა გვიანიშვილმა.

ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები