გორის მერიის თანამშრომლებმა დიზაინერ ლიზი მამულაშვილის კაბები დააზიანეს
გორში დიზაინერ ლიზი მამულაშვილს კაბები (ლუქები) დაუზიანეს. ამის შესახებ ,,რეგიონალური სამოდელო კვირეულის" ხელმძღვანელმა, იოსებ კავკავაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ფაქტს გორის მერიის წარმომადგენლი რამაზ შიოშვილი შეესწრო.

,,ჩემი ყვირილის მიუხედავად, არაფერი იღონა. კარავი იყო მოწყობილი, სადაც დიზაინერების ლუქები ინახებოდა, თანამშრომლებმა კარავი აშალეს და დაზიანდა ტანსაცმელი. მერიას არაადექვატური და დაულაგებელი დამოკიდებულება ჰქონდა. გადაწყვეტილება ვერ მიიღეს ფორსმაჟორულ სიტუაციაში." - აცხადებს კავკავაშვილი.

,,ლუქების" დაზიანების ფაქტი გორში, 22 ივლისს, კულტურისა და დასვენების პარკში მოხდა. დასკვნითი ღონისძიება, სწორედ, ახალბაღში უნდა გამართულიყო. თუმცა, გორის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლის დაშავების გამო, მერიამ ღონისძიების გადადება მოითხოვა. ,,ფეშენ უიქის" ორგანიზატორებმა ღონისძიების გადადების იდეა არ მოიწონეს და აღნიშნეს, რომ ფესტივალი მუსიკალური ნომრების გარეშე გაგრძელდებოდა. საბოლოოდ, ამინდის გაუარესების გამო, ფესტივალმა რესტორან ,,მზიურში" გადაინაცვლა. თუმცა, რესტორანში, ინტერნეტტელევიზია ,,პოს ტივის" გასართობი გადაცემის წამყვანის, რობერტო მავანის მისვლის გამო, ჩაიშალა.

იოსებ კავკავაშვილის ცნობით, ,,რეგიონ ფეშენ ვიკის" დასკვნითი ღონისძიება მაინც გაიმართება, თუმცა თბილისში, 7 აგვისტოს. ორგანიზატორი გორის მერიის მუშაობით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში არაადექვატურ და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ. სოსო კავკავაშვილის თქმით, მერმა და მისმა მოადგილემ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ვერ იმუშავეს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება დააგვიანეს.

„რეგიონ ფეშენ ვიკის დასკვნითი ღონისძიება აუცილებლად გაიმართება, ცხადია ეს არ იქნება გორში. ჩვენ გორელებით განაწყენებულები არ ვართ. უბრალოდ, მერიამ ვერ უზრუნველყო ღონისძიების მხარდაჭერა. 7 აგვისტოს დასკვნითი ღონისძიება თბილისში ჩატარდება, თემა ისევ ,,არა ოკუპაციას" იქნება. ამ ღონისძიებაზე შედგება იმ ხუთი დიზაინერის ჩვენება, რომლებმაც საკუთარი კოლექცია ვერ წარადგინეს.

გორის მერიის პრეს-სამსახურის წარმომადგენელი, ნათია მდინარიძე ამბობს რომ ,,პოს-ტვ" მერიას არ მიუწვევია.

,,უმაღლესი დონის ორგანიზება გვქონდა ჩვენ, მაგრამ მერიამ ვერ იმუშავა კარგად. მერის მოადგილემ, ეკა სუხიშვილმა მითხრა, რომ იმაზე მეტი გავაკეთეთ, ვიდრე გვევალებოდაო. სკამების და ტექნიკის თხოვება არაა დიდი საქმე. ელემენტარულად, პოდიუმთან ჩამკეტი არ დადგეს, რომ ბავშვები არ შევარდნილიყვნენ ჩვენებაზე. ახალბაღში რომ ჩაიშალა ჩვენება, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ღონისძიების გამართვა რომელიმე სკოლის ფოიეში, უნივერსიტეტში ან თეატრში შევთავაზეთ, თუმცა ვერც მერმა და ვერც მისმა მოადგილემ ამას ორგანიზება ვერ გაუკეთეს. საკუთარ ქალაქში მათ გავლენა საერთოდ არ აქვთ“- აცხადებს სოსო კავკავაშვილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები