პროფკავშირების განცხადებით გორში მომხდარ ფაქტზე შრომის ინსპექცია უნდა იყოს ჩართული
გორის კეთილმოწყობის საგენტოს თანამშრომლის, ნუგზარ ლამაზოღლის გარდაცვალების ფაქტი შრომის ინსპექციამ უნდა შეისწავლოს. ამის შესახებ საქართველოს „პროფესიული კავშირების“ წარმომადგენელი კახა კალმახელიძე აცხადებს.

კალმახელძე qartli.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ფაქტის შესახებ შრომის ინსპექცია საქმის კურსში იმ სამსახურის ხელმძღვანელს უნდა ჩაეყენებინა, რომელშიც დაშავებული მუშაობდა.

,,როცა შრომის ადგილზე ხდება ნებისმიერი სახის შემთხვევა, შრომის ინსპექცია უნდა იყოს ჩართული. თავად დამსაქმებელია ვალდებული ჩააყენოს საქმის კურსში ეს უწყება მომხდარზე.“-ამბობს კალმახელიძე.

გორის კეთილმოწყობის სააგენტოს დირექტორი, ბაჩანა გვიანიშვილი ამბობს, რომ ინფორმაცია შრომის ინსპექციისთვის არ მიუწოდებია.

პროფესიული კავშირების“ წარმომადგენლის აზრით, მნიშვნელოვანია გამოძიება წარიმართოს როგორც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების, ასევე, შრომითი უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის.

,,გამოძიება საქმეს თავიდან რა კვალიფიკაციას მისცემს, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. გამოძიების პროცესში თუ გამოკვეთება შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევა, კვალიფიკაცია უნდა შეეცვალოს მუხლს, რომლითაც დაიწყო გამოძიება. შესაძლოა იყოს შრომითი უსაფრთხოების წესების დარღვევაც და ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებული დანაშაულიც. მთავარია, რეაგირება იყოს სწორი და დროული.“- ამბობს „როპკავშიერების“ წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, რომ კეთილმოწყობის თანამშრომლის, ნუგზარ ლამაზოღლის გარდაცვალების საქმეს შსს გამოძიებას ამ დრომდე ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით აწარმოებს. როგორც qartli.ge-ს ძალოვანი უწყების პრესსამსახურში უთხრეს, მუხლის გადაკვალიფიცირება არ მომხდარა.

57 წლის ნუგზარ ლამაზოღლი 22 ივლისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს იმ სატვირთოდან გადავარდა, რომელსაც ბანერი გადაჰქონდა. მამაკაცი უგონო მდგოარეობაში „გორმედში“ ორი დღის განმავლობაში იყო მოთავსებული, ექიმები ამბობდნენ, რომ მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობა ჰქონდა. ლამაზოღლი წუხელ გვიან ღამით გარდაიცვალა. ის სოფელ თედოწმინდაში ცხოვრობდა და კეთილმოწყობის სამსახურში მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები