ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატის, სიმონ ნოზაძის თქმით, 20-21 ივნისის
ღამეს, რაც პარლამენტის შენობის წინ მოხდა, დაუსჯელი არ უნდა
დარჩეს.
დეპუტატის შეფასებით, დაკავებები გაგრძელდება, რადგანაც, ვიდეო
კადრებში ყველაფერი ნათლად ჩანს.
როგორც პარლამენტარმა „მთავარის“ პრესკლუბში სტუმრობისას აღნიშნა,
პარლამენტის წინ აღშფოთებული ახალგაზრდები იმყოფებოდნენ, თუმცა, ისინი
იქ პოლიციელებისთვის ფარის წასართმევად არ მისულან და არც
ძალადობდნენ.
“დაკავებები გაგრძელდება. ის კადრები რომლებიც არსებობს და
პრაქტიკულად ყველა ტელევიზია იღებდა, აშკარად მიუთითებს ამ
დარღვევების შესახებ. თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში,
დამნაშავეთა ამოცნობა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. გააფთრებულები
რომ ურტყამენ პოლიციელებს, მუდმივად ფიზიკურ ზეწოლას ახორციელებენ,
ბუნებრივია, ისინი უნდა დაისაჯონ. რა თქმა უნდა, პარლამენტის წინ
იყვნენ ახალგაზრდები, სტუდენტები, თინეიჯერები, მაგრამ ისინი არ არიან
მზად იმისათვის, რომ ფარი წაართვან პოლიციელს, სპეცრაზმელს, ან მასაში
“შეითრიონ” და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენონ. ეს მხოლოდ სათანადოდ
მომზადებულ ადამიანებს შეუძლიათ. აშკარაა, რომ ვინც პოლიციელებს
ურტყამდა, თვითონ დარტყმის მანერა, როდესაც მუშტს ურტყამენ, ეს არის
ისინი სათანადოდ მომზადებულებიც იყვნენ. ახალგაზრდების გულწრფელი
აღშფოთება გამოიყენა იმ პატარა ჯგუფმა საკუთარი ინტერესებისთვის, რომ
ძალადობრივი გზით შეეღწიათ პარლამენტში და გამოეცხადებინათ, რომ მათ
ხელისუფლება ჩაიგდეს ხელში. ეს იყო ვა-ბანკზე წასვლა “ნაც.
მოძრაობისა”, რომლის დამგეგმავები იცით, სადაც არიან – მიხეილ
სააკაშვილი და ბიძა, ბატონი ალასანია”– განაცხადა სიმონ ნოზაძემ.
დეპუტატის შეფასებითვე, “გავრილოვის ფაქტმა” რომ ახალგაზრდები
აღაშფოთა, ეს კარგია და მომავალი საქართველო სწორედაც რომ მათია.
“მთელ ამ პროცესებში მნიშვნელოვანი იყო 21 ივნისის მიტინგი, როდესაც
15 ათასამდე ახალგაზრდა მოვიდა და სკანდირებდა “საქართველოს”. მე
ასეთი ახალგაზრდებისთვის მინდა პოლიტიკური მომავალი და ასპარეზი.
მომავალი საქართველოს მე ამ ახალგაზრდებს ვუკავშირებ.“
ცნობისთვის, 20-21 ივნისის მოვლენებზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი და
პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი
დააკავეს.
მასთან ერთად, შსს-მ კიდევ 4 პირი აიყვანა.
როგორც ძალოვან უწყებაში აცხადებენ, ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური
ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით
არის დაკავებული.
სტატიის გამოყენების პირობები