ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ყინწვისში სასმელი წყლის სათავეში
წყალი მილებიდან ჟონავს და იკარგება. ამის თაობაზე, მოსახლეობამ
ქარელის მერიას მიმართა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი, ზაზა გულიაშვილი ამბობს, რომ
სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია. მისი განმარტებით, წყლის
პრობლემა იმ 20 ოჯახს შეექმნა, რომელიც ერთ-ერთ წყაროს სათავეში
მოგროვებული წყლით სარგებლობდა.
,,ჩვენ გამოვთხარეთ ის ადგილი, საიდანაც ეს 20 ოჯახი მარაგდებოდა.
მოგეხსენებათ, ყინწვისში, ყველა უბანს თავისი წყლის სათავე აქვს.
ვნახეთ, რომ საკმაოდ დაზიანებული იყო მილები. სამუშაოები უკვე
დავიწყეთ და იმედია მალე დავამთავრებთ" - აცხადებს ზაზა
გულიაშვილი.
სოფელ ყინწვისის მოსახლეობამ სოფლის წარმომადგენელს, მადონა
სხირტლაძეს დახმარებისთვის 17 ივლისს მიმართა. წერილობითი განცხადება
მერიაში 22 ივლისს დარეგისტრირდა.
,,ეს წყალი ყოველთვის იქლორებდა, ასე გაგრძელდება მომავალშიც" -
ამბობს ზაზა გულიაშვილი. ჩვენს კითხვაზე, იცოდა თუ არა მერიამ
დაბინძურებული წყლის შესახებ, გულიაშვილი აცხადებს, რომ დაზიანებული
ავზის კედლები და გახეთქილი მილი მას შემდეგ გამოჩნდა, როდესაც მიწა
გამოთხარეს.
სტატიის გამოყენების პირობები