შრომის ინსპექცია გორში მუშის დაღუპვის ფაქტით დაინტერესდა
გორში, კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლის დაღუპვის ფაქტზე, შრომის ინსპექციის დეპარტამენტმა მოკვლევა დაიწყო. ამის შესახებ Qartli.ge-ს დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ განუცხადა.

მისი თქმით, კეთილმოწყობის სააგენტომ, ნუგზარ ლამაზოღლის დაღუპვის შესახებ, საქმის კურსში შრომის ინსპექცია უკვე ჩააყენა. თუმცა არ იცის, თუ როდის და ვინ მიმართა ინსპექციას ფაქტის შესწავლის მიზნით.

დაუკავშირდა თუ არა შრომის ინსპექციას, ჩვენ ეს კითხვა კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელს, ბაჩანა გვიანიშვილს გუშინ 25 ივლისს დავუსვით. „მაგდაგვარი არაფერია, არავისთვის მიცნობებია." - უთხრა Qartli.ge-ს ბაჩანა გვიანიშვილმა.

რაც შეეხება ბექა ფერაძის პოზიციას:

„ამ საქმესთან დაკავშირებით შრომის ინსპექციაში შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის და გარკვეულ დასკვნას დადებს. შეტყობინება ვინ გააკეთა, არ ვიცი, მაგრამ კომუნიკაცია რომ ჰქონდათ დეპარტამენტთან, ეს ვიცი. ააიპის ხელმძღვანელობას აქვს ვალდებულება ჩვენს სამსახურს მიმართოს და მიაწოდოს ინფორმაცია, მომხდარი ფაქტის შესახებ. ამისთვის კანონით განსაზღვრულია 14 დღე. შრომითი ოქმების კანონი ამ დროისთვის მხოლოდ მომატებული საფრთხის შემცველ კომპანიებზე ვრცელდება. 1 სექტემბრიდან კი, გავრცელდება მუნიციპალიტეტებზეც და სხვა სამსახურებებზეც. ამიტომ, ჩვენ ამ დროისთვის მხოლოდ რეკომენდაციის მიცემის უფლება გვაქვს და კეთილმოწყობის სააგენტოს მიმართ არც დაჯარიმება და არც სხვა რაიმე სახის სანქციის გატარება არ შეგვიძლია.“-აცხადებს ბექა ფერაძე.

იხ. ამავე თემაზე:

,,როცა ადამიანი, ყველანაირი დაზღვევის გარეშე, სატვირთო მანქანაზე ზის ბანერთან ერთად, ეს არის დარღვევა" - მშრომელთა უფლებების დამცველი

პროფკავშირების განცხადებით გორში მომხდარ ფაქტზე შრომის ინსპექცია უნდა იყოს ჩართული

საია: ,,საქმეში შრომის ინსპექცია უნდა ჩაერთოს"

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები