კასპის მერიას ნახევარმილიონიანი ტენდერი შეაწყვეტინეს
,,იპარავენ დოკუმენტაციას სხვებისგან, ფოტოშოპით ამუშავებენ და ისე იღებენ მონაწილეობას ტენდერებში. 5 კომპანია აქვს ამ ფილიალს და ხუთივე მათგანი შავ სიაში შევიდა. ორი პიროვნებაა მითითებული, რომლებიც რეალურად ამ კომპანიის კი არა სხვა კომპანიის თანამშრომლები არიან. პირადობაზე სხვანაირად აქვს პიროვნებას ხელი მოწერილი, ხელშეკრულებაზე სხვანაირად. გზების დეპარტამენტის ტენდერში ერთ-ერთ პიროვნებაზე წარმოდგენილი ინფორმაციაც არასწორია, რადგან იმ კომპანიაში ვერ იმუშავებს ეს პიროვნება, იმიტომ რომ აღნიშნული კომპანია გაკოტრდა 2012 წელს და მას მერე არ უმუშავია." - ასეთ განცხადებას აკეთებს კომპანია ,,ჯორჯიან ენერჯის" წარმომადგენელი, რომელმაც კასპის მერიას იმის გამო უჩივლა, რომ გამარჯვებულად არასანდო კომპანია გამოაცხადა.

შესყიდვების სააგენტომ, 2019 წლის 22 ივლისს, კასპის მერიას ნახევარმილიონიანი ტენდერი შეაჩერებინა. მერიის სატენდერო კომისიამ გამარჯვებულ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა. მდინარე ლეხურას ნაპირსამაგარ სამუშაოებზე შპს „რეკონსტრუქცია XXI მუდმივი დაწესებულება“ გამარჯვებულად 2019 წლის 28 ივნისს იყო გამოცხადებული.

,,ვასაჩივრებთ სატენდერო კომისიის 2019 წლის 28 ივნისის სხდომის N3 ოქმს, რომლითაც გამარჯვებულად გამოვლინდა იურიდიული პირი „რეკონსტრუქცია XXI მუდმივი დაწესებულება“. მოთხოვნილი იყო ანალოგიური გამოცდილება 4.6 მლნ ლარზე მეტი. ანალოგიურად შემსყიდველი განიხილავდა მდინარის კალაპოტების წმენდას, გაღრმავებას, გაბიონებისა და ნაპირსამაგრი კედლების მოწყობას. პრეტენდენტმა წარმოადგინა გარკვეული დოკუმენტები. გამოცდილების დასადასტურებლად წარადგინა ყაზახეთში შესრულებულ სამუშაოზე (ხიდის რეაბილიტაცია და ხიდთან მისასვლელი ნაპირების გამაგრება) გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის ღირებულება 5 300 000 ლარია. წარმოდგენილია ფორმა N2 და მიღებაჩაბარების აქტებიც. თუმცა, აქედან ერთ-ერთი თავი ეთმობა ნაპირსამაგრ სამუშაოებს და შესაბამისი კურსის დათვლით არ სცდება 1 811 000 ლარს, რაც მოთხოვნილი გამოცდილების ნახევარიც არ არის. თუ სხვა სახის სამუშაოებიც ჩათვალა შემსყიდველმა, მაშინ ზოგადად სამშენებლო სამუშაოები უნდა მოეთხოვათ სატენდერო დოკუმენტაციით. გამარჯვებული კომპანია იანვრიდანაა რეგისტრირებული საქართველოში, დღემდე 48 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული. ასევე, მოთხოვნის თანახმად უნდა წარედგინა პრეტენდენტს ჰიდროლოგი." - წერს ,,ჯორჯიან ენერჯის" წარმომადგენელი.

კასპის მერია საჩივრის განხილვის დროს არ დაეთანხმა საჩივარში მითითებულ გარემოებებს და აღნიშნა:

„ტენდერი გამოცხადებული გვაქვს მდინარე ლეხურის კალაპოტის ამოწმენდა დაღრმავების სამუშაოებზე. ანალოგიურ სამუშაოდ განვიხილავდით მდინარის კალაპოტის გაწმენდა/დაღრმავება, ნაპირსამაგრების კედლების და გაბიონების მოწყობის სამუშაოებს. პრეტენდენტმა წარმოადგინა ხელშეკრულება, რომელიც ჯამში 5 600 000 მლნ ლარზე მეტის ღირებულებისაა. ხელშეკრულების საგანია მდინარე ბადამის გავლით ნაპირების, სავალი ავტოგზის და ხიდთან შესასვლელი გზის გამაგრებითი ხიდის მშენებლობა და რეაბილიტაციის სამუშაოები.“

შესყიდვების სააგენტოს საბჭოს წევრებმა მიიჩნიეს, რომ კასპის მერიის მსჯელობა დაუსაბუთებელია.

,
,კასპის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის 2019 წლის 28 ივნისის სხდომის ოქმში მითითებულია სატენდერო კომისიის მსჯელობის შედეგი, თუმცა თავად მსჯელობა, თუ რის საფუძველზე მივიდა სატენდერო კომისია იმ დასკვნამდე, რომ „რეკონსტრუქცია XXI'' მუდმივი დაწესებულების“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამებოდა სატენდერო მოთხოვნას, ოქმში ასახული არ არის. შესაბამისად, არასაკმარისი ინფორმაციის ქონის გამო საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს და ცალსახად განსაზღვროს თუ რამდენად სწორია შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება." - აღნიშნულია საბჭოს გადაწყვეტილებაში. კასპის მერიას ახალი გადაწყვეტილების მიღება დაავალდებულეს.


რაც შეეხება ყალბ დოკუმენტაციას, საბჭო ასევე აღნიშნავს, რომ მომჩივან ორგანიზაციას დასადასტურებლად არანაირი სახის მტკიცებულება (დოკუმენტი, მონაცემი და სხვ.) არ წარმოუდგენია/მიუთითებია და მისი პოზიცია ეყრდნობა მხოლოდ ზეპირ განმარტებებს, რითაც ცალსახად არ დასტურდება მათი სისწორე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები