ხაშურის კულტსახლის მშენებლებს ხელფასს არ უხდიან
ხაშურში კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულ 15-მდე მუშას ხელფასი მესამე თვეა არ აუღიათ. თამაზ ჩუტკერაშვილი, რომელიც შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 2019 წლის მაისიდან მუშაობს, qartli.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მხოლოდ 12 დღის ანაზღაურება მიიღო:

„უკვე ორი კვირაა სამუშაოები შეჩერებულია. კომპანიის წარმომადგენლები გვპირდებოდნენ, რომ გამომუშავებულ თანხას გადაგვიხდიდნენ, თუმცა დიდი ხანია ვეღარ ვუკავშირდებით. ტელეფონები გამორთეს, აღარ გვეკონტაქტებიან. ხაშურის მერთან ვიყავით, გიორგი გურასპაშვილმაც დაურეკა კომპანიის წარმომადგენელს, რომელმაც უთხრა, რომ ჩვენს კუთვნილ თანხას 29 ივლისს გადაგვიხდიდა, მაგრამ 29 ივლისიც გავიდა." - აცხადებს თამაზ ჩუტკერაშვილი.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 27 ივლისს უნდა დასრულებულიყო, 31 აგვისტომდე კი, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და ექსპერტიზის პასუხების წარდგენის ვადა იწურება. ამ დროისთვის გასაკეთებელია იატაკი, ჭერი, კედლები და სცენა, რომლის რეაბილიტაციასაც, მუშების აზრით, ალბათ კიდევ ორი თვე დასჭირდება.

შპს „სინერჯი სისტემის" წარმომადგენელი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. მობილური ტელეფონის ნომერი კი, სატენდერო დოკუმენტაციაშია მითითებული.

ხაშურის მერიამ ,,სინერჯი სისტემასთან" ხელშეკრურლება 2019 წლის 26 მარტს გააფორმა, ღირებულება 820 418 ლარი,. კულტსახლის რეაბილიტაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან 126 დღის ვადაში უნდა დასრულებულიყო.

Qartli.ge ხაშურის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს რომ კომპანიას ვადა გაგრძელებული არ აქვს და ჯარიმები ეკისრება. ხაშურის ბიუჯეტიდან შპს „სინერჯი სისტემას“ ათვისებული აქვს, მხოლოდ, 91 828 ლარი.

„ პროცედურა არის ასეთი: უნდა გავიდეს ხელშეკრულების ვადა, მანამდე კომპანიას აქვს უფლება, რომ ჯარიმის ქვეშ, მაგრამ მაინც გააგრძელოს ვალდებულების შესრულება. თუ ისე ამოიწურება სახელშეკრულებო ვადა, რომ ვალდებულება არ შესრულდა, მერე დაიწყება უკვე კანონმდებლობით გათვალიწინებული სამართლებრივი პროცედურები, იმისდა მიხედვით, თუ რა შესრულდა, რა ვერ შესრულდა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის 5% არის ჯარიმა „ - გვითხრეს ხაშურის მუნიციპალიტეტიდან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები