ქარელში კომპანია ,,თაგის" აჯარიმებენ
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის საბავშვო ბაღის მშენებლობა 4 მაისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, მიღება-ჩაბარების აქტი ამ დრომდე არ გაუფორმებიათ.

შპს ,,თაგიმ", თანხის სრულად ანაზღაურებისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მოთხოვნით, 17 ივნისს მიმართა. იმის გამო, რომ კომპანიამ მერიას დაგვიანებით მიმართა, პირგასამტეხლოს სახით 3 528 ლარი დაეკისრა. ტენდერის ღირებულება კი, 840 000 ლარი იყო.

სოფელ დირბის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაზე ტენდერი ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა 2018 წლის 27 აგვისტოს განმოაცხადა, რომელშიც შპს „თაგი“ გაიმარჯვა, ხელშეკრულება კი 16 ოქტომბერს გაფორმდა, რომლის ღირებულებამ 840 000 ლარი შეადგინა. სამუშაოები 2019 წლის 4 მაისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ხელშეკრულებაში ცვლილება რვაჯერ შევიდა. ბოლო ცვლილებით დირბის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის დასრულების თარიღად 2019 წლის 30 მაისი განისაზღვრა, თუმცა სამუშაოების დასრულება ვადებში ვერ მოხდა.

ქარელის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი ალექსი ჯოჯიშვილი აცხადებს, რომ 2018 წლის 16 ოქტომბრიდან 2019 წლის 17 ივნისამდე პერიოდში, ხელშეკრულებაში ცვლილება 8-ჯერ შევიდა:

,,ხელშეკრულებაში სულ 8 ცვლილება შევიდა. როცა ამხელა შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, გაუთვალისწინებელი რაღაცეებიც ხდება“ - აცხადებს ჯოჯიშვილი.

Qartli.ge შპს „თაგი“ -ს წარმომადგენელს ვახტანგ ნატრიაშვილს დაუკავშირდა.

„სამუშაოები ვადებში ვერ ჩაეტია, რადგან საპროექტო დოკუმენტაცია სრულყოფილი არ იყო. გარე საკანალიზაციო სისტემა დაპროექტებული საერთოდ არ იყო, ასევე, პროექტში არ იყო მეტალო პლასტსმასის კარი და ა.შ. სახარჯთაღრიცხვო პროექტში შევიდა ცვლილებები. ჩვენ ქარელის მერიას ვთხოვეთ, რომ ვადა ერთი თვით გადაეწიათ, თუმცა მათ მხოლოდ 25 კალენდარული დღე მოგვცეს დამატებით, რაც ერთ-ერთი მიზეზია ვადის გადაცილების. რაც შეეხება შენობის ექსპერტიზას, ქარელის მუნიციპალიტეტს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული შპს „ოფტიმალ გრუპ +“-თან. როგორც ვიცი, ექსპერტიზის დასკვნის მოსაწობელელი ბოლო ვადა 2 აგვისტოა. იმ შეთხვევაში, თუ გარკვეული ხარვეზები იქნება, გამოვასწორებთ“ - აცხადებს ნატრიაშვილი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები