კომპანია ,,ბაბი 21-ე"-ს გორის მერიაც აჯარიმებს
გორში რომელაშვილების ქუჩაზე საბავშვო სკერის მოწყობა შეჩერებულია. მერიის ცნობით, კომპანია ,,ბაბი 21-ე"-მ სამუშაოები არ შეასრულა.

პირველ ეტაპზე, მერიამ კომპანიას ადგილობრივი ბიუჯეტიდან 8 971 ლარი ჩაურიცხა. ობიექტი 17 ივნისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანიამ მერიას წერილობით მიმართა და ვადის გახანგრძლივება 7 დღით მოითხოვა.

სამუშაოები არც 7 დღის შემდეგ დასრულდა.

ტენდერი მერიამ 13 თებერვალს გამოაცხადა და 25 368 ლარი გაითვალისწინა, კომპანიამ 25 070 ლარი შესთავაზა. ხელშეკრულება 14 მარტს გაფორმდა.

„სამუშაოების გარკვეული ნაწილი შესრულებულია, თუმცა დასრულებული არ არის. ამიტომ, მერია აპირებს ობიექტის დასრულებისთვის ახალი ტენდერის გამოცხადებას. რაც შეეხება კომპანიას, ჩვენ ვიმოქმედეთ კანონის შესაბამისად და შპს „ბაბი-XXI” დავაჯარიმეთ.“- აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.

შეგახსენებთ, შპს „ბაბი-XXI” -მ ტენდერი ხაშურის მუნიციპალიტეტშიც მოიგო, სოფელ გომში კომპანიას საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია უნდა ჩაეტარებინა, თუმცა გორის მსგავსად კომპანია ხაშურიდანაც ისე წავიდა, რომ სამშაოების ვერ დაასრულა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები