ქვიშხეთში გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ
ხაშურის მუნიციპალიტეტში მუშები გაიფიცნენ. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც ქვიშხეთში, აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოსთან დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე მუშაობენ. 60 დასაქმებულის პროტესტი მეოთხე დღეა გრძელდება.

ისინი ითხოვენ, რომ რკინიგზის დეპარტამენტის კონტრაქტორმა კომპანია შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფმა“ დღიური ხელფასი თითოეულ მუშას 10 ლარით გაუზარდოს და საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული ნორმები დაიცვას. კერძოდ, მუშები უსაფრთხოების წესების დაცვის პრობლემაზეც საუბრობენ.

,,მშენებლობაზე არ არის უსაფრთხეობის ნორმები დაცული. გვირაბში რომ შევყავართ მხოლოდ ჩაფხუტი გვახურავს. ვერ ვსარგებლობთ შვებულებით, ბიულეტინით და განაცდურს არ გვინაზღაურებენ. დღიურად 20 ლარი გვაქვს და გვინდა, რომ ეს თანხა 30 ლარამდე გაიზარდოს,“-აცხადებს ივანე მჭედლიშვილი.

გაფიცულები ამბობენ, რომ თუ ჩინური კომპანია მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, ისინი გვირაბს გადაკეტავენ და სამუშაოების გაგრძელების საუშუალებას არ მისცემენ იმ მუშებს, რომლებიც კომპანიას ჩინეთიდან ჰყავს ჩამოყვანილი.

ამ წუთებში, საქართველოს პროპკავშირების წარმომადგენლები მუშების მოთხოვნებს დამსაქმებელი კომპანიის მენეჯმენტს აცნობენ. ქვიშხეთში ელოდებიან საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის წარმოამდგენელსაც.

Qartli.ge-ს ჟურნალისტი ადგილზე შეეცადა შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის“ წარმომადგენლის პოზიციის გარკვევას მუშების პროტესტთან დაკავშირებით. კომპანიაში კომენტარზე უარი გვითხრეს.

ცნობისთვის, მსგავსი მოთხოვნები მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს 2013 წელსაც ჰქონდათ, თუმცა, მათი პროტესტი მაშინ უშედეგო აღმოჩნდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები