ერგნეთში ანტისაოკუპაციო აქცია მიმდინარეობს
აგვისტოს ომის მეთერთმეტე წლისთავთან დაკავშირებით ამ წუთებში სოფელ ერგნეთში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ანტისაოკუპაციო აქციას სამოქალაქო აქტივისტები მართავენ.
„ჩვენ მშვიდობიან ბრძოლას განვაგრძობთ რუსეთის წინააღმდეგ. უნდა დავიბრუნოთ ჩვენი დაკარგული ტერიტორიები და შემოვირიგოთ ჩვენი ძმები, ოსები. იმედი გვაქვს, რომ ყოველივე ამაში დაგვეხმარებიან ჩვენი ევროპელი მეგობრები.“-აცხადებს აქციის მონაწილე ციცინო შოშიაშვილი.

„გავუშვით ფრანები იმის მანიშნებლად, რომ გვინდა მშვიდობა. გვინდა მეგობრობა, ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან. რუსეთი არ გავძლევს ამის საშუალებას და იმედია მიხვდებიან ამ ყოველივეს ოსები და აფხაზები,“-განაცხადა ანტისაოკუპაციო მოძარაობის წევრმა მიშა ბერიშვილმა .

აქციას შეუერთდნენ პოლიტიკოსებიც. ერგენეთში „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე ჩავიდა. აქციაზე მივიდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები, რომლებმაც რუსეთთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა გააკრიტიკეს.

,,დღევანდელი აქციის მთავარი მიზანია, კიდევ ერთხელ დავანახოთ ყველას, რომ საქართველო არასდროს არ შეგუება ოკუპაციას. საქართველო არასოდეს არ შეეგუება, რომ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი წინაპართა მიწის, ჰქონდეს წაღებული და ოკუპირებული უცხო სახელმწისფოს. ამიტომ, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ქართული საზოგადოება არსადროს არ შეეგუება ოკუპაციას. 2000 წელი ისრაელმა და ებრაელმა ხალხმა ატარა იეროსალიმის იდეა, რა თქმა უნდა ჩვენ არ დაგვჭირდება ამდენი ხანი საქართველოს გასამთლიანებლად მაგრამ, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, რამდენი დროც არ უნდა დაგვჭირდეს, უნდა იცოდეს ყველამ, მტერმაც და მოყვარემაც, აუცილებლად, ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ ამ ბრძოლას,“-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა ბაქრაძემ.

„თერთმეტი წელი გავიდა აგვისტოს სისხლისმღვრელი ომიდან. ამ თერთმეტი წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ სამწუხაროდ შეძლო ის, რომ რატომღაც დაივიწყა თუ რა ხდებოდა 2008 წელს. როგორ ცვიოდა ბომბები, როგორ დაეცა ათობით ადამიანი, ათობით სამხედრო შეეწირა ჩვენს დამოუკიდებლობას, ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. მთავრობას დაავიწყდა ეს ყველაფერი და რუსეთი ამათთვის აღარ არის ოკუპანტი. ჩემთვის უმთავრესი არის ის, რომ საქართველო უნდა იყოს დამოუკიდებელი,“-განაცხადა ენმ-ს ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენელმა ბექა ქორჩილავამ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები