2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, ცხინვალის მისადგომებთან ხაშურის
მუნიციპალიტეტში მცხოვრები სამი ჯარისკაცი დაიღუპა. ასაკით ყველაზე
პატარა 19-ის, ხოლო ყველაზე უფროსი 23 წლის იყო.
1988 წელს დაბადებული გიორგი წიქარიშვილი 8 აგვისტოს ცხინვალის
დაცვისას დაიღუპა.
მან 2006 წელს სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადა, 2007 წლიდან
ჯერ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სახმელეთო
ჯარების მე-4 ქვეითი ბრიგადის მეტყვიამფრქვევე, შემდეგ კი მსუბუქი
ქვეითი ათეულის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. დაჯილდოებულია ვახტანგ
გორგასლის I ხარისხის ორდენით.
წიქარიშვილი რამდენიმე კვირის დაქორწინებული იყო, მას შვილი არ
დარჩენია. ხაშურში, ჭალის დასახლებაში, სადაც ის ცხოვრობდა ერთ-ერთ
ქუჩას ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გიორგი წიქარიშვილის სახელი
მიანიჭა.
კაპრალი ზაურ მახარაშვილი დაიბადა 1986 წელს, ის სოფელ ოსიაურიდან
იყო.
2007 წლიდან ის საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული
შტაბის სახმელეთო ჯარების მე-4 ქვეითი ბრიგადის 43-ე მსუბუქი ქვეითი
ბატალიონის რიგებში მეტყვიამრფქვევედ ირიცხებოდა.
11 აგვისტოს ის გორის რაიონში, სოფელ ფხვენისში განთავსებულ თავდაცვის
ზღუდეზე, მოწინააღმდეგის მიერ ნასროლი საარტილერიო ჭურვის აფეთქების
შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა.
სიკვდილის შემდეგ გადაეცა მედალი „მხედრული მამაცობისათვის“.
კაპრალი დავით ბლიაძე დაიბადა 1985 წელს სოფელ ქვიშხეთში.
2004-2005 წლებში მსახურობდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში.
2007 წლის სექტემბრიდან მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების
გაერთიანებული შტაბის სახმელეთო ჯარების მე-4 ქვეითი ბრიგადის რიგებში
საცეცხლე ჯგუფის მეთაურად.
ზემო ნიქოზის მხრიდან განხორციელებული იერიშის დროს ქ. ცხინვალზე,
ე.წ. შანხაის უბანში, მოექცა ალყაში.
დაიღუპა მოწინააღმდეგის მიერ გახსნილი ინტენსიური ცეცხლის
შედეგად.
სიკვდილის შემდეგ მიენიჭა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის
კავალერის წოდება.
სტატიის გამოყენების პირობები