გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ გუგუტიანთკარში რუსმა სამხედროებმა
საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ღობეების მონტაჟი გააგრძელეს.
შეღობეს ადგილობრივი მცხოვრების, ლავრენტი გუგუტიშვილის და გივი
რაზმაძის სახლის ეზო. ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობა ,,ძალა
ერთობაშიას" ლიდერი დავით ქაცარავა ავრცელებს.
მის მიერ გადაღებულ ფოტოებზე ჩანს ახალი დამონტაჟებული
ბოძები. დავით ქაცარავას განცხადებით, ღობის მიღმა
ახლადრეაბილიტირებული ჭაბურღილი დარჩა.
2019 წლის 7 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის
სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან განახლდა ხელოვნური ბარიერების
აღმართვის უკანონო პროცესი.
ინფორმაციის მიღებისთანავე საგარეო უწყებამ აამოქმედა მის ხელთ
არსებული ყველა ბერკეტი: დაუყოვნებლივ მოხდა ინციდენტების პრევენციისა
და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში არსებული ცხელი ხაზის
ამოქმედება. ინფორმაცია მიეწოდა საერთაშორისო თანამეგობრობის
წარმომადგენლებს, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების
თანათავმჯდომარეებს.
ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან
მიმდინარე პროცესის სათანადო შეფასებისა და რუსეთის ფედერაციის მიერ
ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოწოდების აუცილებლობას.
საოკუპაციო ხაზზე აღნიშნული უკანონო სამუშაოები უარყოფითად აისახება
სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და ასევე, კიდევ უფრო ართულებს კონფლიქტით
დაზარალებული მოსახლეობის ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და
უსაფრთხოების არსებულ გარემოს.
სტატიის გამოყენების პირობები