ჭურვების ნარჩენებით დარგული ,,სიცოცხლის ხე"
„სიცოცხლის ხე“-ასე ჰქვია კონსტრუქციას, რომელიც გორში, ვერხვების დასახლებაში, 2008 წლის 9 აგვისტოს დატრიალებულ ტრაგედიას გვახსენებს.

ომის დასრულების შემდეგ, რუსული ავიაციის მიერ ჩამოყრილი ჭურვების ნარჩენებით კონსტრუქცია მოქანდაკეებმა, ლევან ბუჯიაშვილმა და ირაკლი წულაძემ შექმნეს. „სიცოცხლის ხის“ არქიტექტორი კი, ვახტანგ მამულაშვილია.



ვერხვების დასახლება ერთ-ერთი პირველია, რომელზეც რუსეთის ავიაციამ იერიში მიიტანა. დაიბომბა საცხოვრებელი კორპუსები. ამ დღეს დაიღუპნენ მაია ვაზაგაშვილი, ზვიად რომელაშვილი და მისი ორსული მეუღლე, მაკა მესროპაშვილი.
გარდა ამისა, ერთ-ერთი კორპუსის პირველ სართულზე გორის სასწრაფო დახმარების ოფისი იყო განთავსებული. დაბომბვისას ოფისი დაინგრა, დაიღუპა ერთი ექიმი და მძღოლი, კიდევ ერთი ექიმი მძიმედ დაშავდა.


ასევე მძიმე დაზიანებები მიიღეს სხვა ადგილობრივმა მცხოვრებლებმა. თუმცა, ისნი სიკვდილს გადაურჩნენ. მძიმედ დაშავებულებს შორის არის ზოა მურადოვიც, რომელსაც ბომბების ნარჩენები ქვედა კიდურებზე დაეცა.

მისი ფოტო მსოფლიოს წამყვან მედიასაშუალებებში არაერთხელ გამოქვეყნდა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები