დღეს საღამოს გორში პატივი მიაგეს ომში დაღუპულ მებრძოლებს. გმირთა
მემორიალთან გვირგვინები მიიტანეს.
08.08.08 გამოსახულებით სანთლები აანთეს. ხელისუფლების
წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ოკუპაცია 90-იანი
წლებიდან დაიწყო.
რუსულ აგრესიას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე,
შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი
ემსხვერპლა.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და
სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232 პირს შეადგენს. მათ შორის, 1045
სამხედრო მოსამსახურე იყო.
რაც შეეხება სამოქალაქო პირებს, აგვისტოს ომში მიღებული ჭრილობების
შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი მიენიჭა ორ პირს, რომლებზეც
გაიცემა სახელმწიფო გასაცემელი.
IDFI-ის ინფორმაციით, აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოში 263 598-მდე
გაიზარდა დევნილთა რაოდენობა. 2009-2015 წლებში კი, საცხოვრებელი
ფართი საკუთრებაში გადაეცა ჯამში 18 679 ოჯახს.
2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული
ვალდებულებების მიუხედავად, რუსეთი კვლავ განაგრძობს სუვერენული და
დამოუკიდებელი სახელმწიფოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას,
საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით.
სტატიის გამოყენების პირობები