გუგუტიანთკარში მერეთის დეპუტატი ოს სამხედროებს დაელაპარაკა
რადიო თავისუფლების მიერ გავრცელებულ ერთ-ერთ ფოტოზე სოფელ მერეთის თემის მაჟორიტარი დეპუტატი, მერაბ მახარაშვილი დგას. ის იმ სამხედროებს ესაუბრება, რომლებმაც 2019 წლის 7 აგვისტოს ღობეების მონტაჟი განაახლეს.

შემთხვევა გამყოფი ხაზის პირას მდებარე სოფელ გუგუტიანთკართან მოხდა. რუსეთის სამხედრო ძალების წარმომადგენლებს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ძალოვანი უწყების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ:

,,დამირეკა მოსახლეობამ და მითხრა, სოფელთან რუსი სამხედროები გამოჩნდნენო. წავედით და სიახლოვეს მივედით, ჩვენს პოლიციასთან ერთად. დავუძახე, უფროსი ვინ არის, შეიძლება დაველაპარაკო-მეთქი? კი, რა თქმა უნდაო. მივედი და მე ძირითადად ოსებს ვესაუბრებოდი. რუსი სამხედროები ჩვენგან მოშორებით იდგნენ და გვიყურებდნენ. ავუხსენი, რომ რასაც აკეთებდნენ, ძალიან დააზარალებდა მშვიდობიან მოსახლეობას. მე თვითონაც ოსი მეუღლე მყავს, თქვენსკენაც ბევრს ქართველი მეუღლე ჰყავს და ჩათვალეთ, რომ ოჯახებს ყოფთ-მეთი", - ამბობს მერაბ მახარაშვილი.

ოსმა სამხედროებმა განუცხადეს, რომ თუ ცხინვალში უფროსობა მოილაპარაკებს, რომ ღობეები აღარ დამონტაჟდეს, ჩვენც არ დავამონტაჟებთო:

,,ჩემ ნათქვამზე მიპასუხეს, რა თქმა უნდა, რუსულად. მგონი იცოდნენ ქართული, მაგრამ სავარაუდოდ რუსების შიშით არ დამელაპარაკნენ. წადით, უფროსობას დაელაპარაკეთ და თუ მოგვცემენ ბრძანებას, უკან წავალთო" - იხსენებს მერაბ მახარაშვილი.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელშვილი სოფელ გუგუტიანთკარში არსებულ ვითარებაზე საუბრობს და ამბობს, რომ სოფელში ბარიკადების მშენებლობის პროცესი შეჩერებულია.

„ამ ეტაპზე არანაირი დამატებითი სამუშაოები არ მიმდინარეობს, თუმცა ეპიზოდს, რომელიც ე.წ. ბორდერიზაციასა და ბარიკადების მშენებლობას უკავშირდებოდა, ადგილი ჰქონდა 7 აგვისტოს და საქართველოს ხელისუფლების შესაბამისმა ორგანოებმა მყისიერადვე, 7 აგვისტოს შუადღეს ცხელი ხაზი რამდენჯერმე გააქტიურეს. 7 აგვისტოსვე იყო საგარეო უწყების კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან და ალბათ იმასაც მიხვდებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში უშუალოდ გუგუტიანთკარის ეპიზოდი შემთხვევით არ მოხვდებოდა და ამას გარკვეული მუშაობა უძღოდა წინ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები