საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარასელია საქართველოში
აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.
დიპკორპუსის წარმომადგენლებმა, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ
გუგუტიანთკარში ვიზიტამდე, ინფორმაცია მინისტრის მოადგილისგან
მოისმინეს.
შეხვედრის თემას სოფელ გუგუტიანთკარში რუსეთის საოკუპაციო ძალების
მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის გაგრძელება და
მისი ჰუმანიტარული შედეგები ადგილობრივი მოსახლეობისთვის
წარმოადგენდა.
ამის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ლაშა დარსალიამ უცხოელ დიპლომატებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა
გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს მიმდინარე უკანონო
პროცესების შესახებ. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მსგავსი
დესტრუქციული ნაბიჯები უკიდურესად ართულებს საოკუპაციო ხაზის
სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ
მდგომარეობას და ახდენს უსაფრთხოების გარემოს შემდგომ
დესტაბილიზაციას. მან ხაზი გაუსვა, რომ ასეთი ქმედებებით რუსეთი
სრულად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს და
უხეშად არღვევს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს
დადებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული
ძალისხმევის მნიშვნელობას საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო
პროცესების შესაჩერებლად. თავის მხრივ, უცხოელმა დიპლომატებმა კიდევ
ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული
მთლიანობისა და სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერა.“ წერია
განცხადებაში.
სტატიის გამოყენების პირობები