გუგუტიანთკარში რუსმა ოკუპანტებმა სამუშაოები განაახლეს. ამ
დროისთვის, ისინი რკინის ძელების დასამონტაჟებლად მიწას თხრიან.
მათ ტერიტორია მცენარეებისგან უკვე გაასუფთავეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, დღეს უკვე დაამონტაჟეს 17 ძელი. მათ
შორის მანძილი 2 მეტრი და 50 სანტიმეტრია.
გამოდის, რომ ე.წ. საზღვარი ოკუპანტებმა დღეს დამატებით, დაახლოებით,
40 მეტრზე გაამაგრეს.
მოსახლეობის ვარაუდით, თუ სამუშაოები ამ მიმართულებით გაგრძელდა, არ
არის გამორიცხული, რომ მეზობელი სოფლის სასაფლაო ოკუპირებულ
ტერიტორიაზე აღმოჩნდეს.
საუბარია სოფელ კოშკას სასაფლაოზე, რომელიც არარსებულ საზღვარის
სიახლოვეს მდებარეობს.
„დილიდან დაიწყეს სამუშაოები, ბოძებისთვის მიწას თხრიან და მერე ალბათ
შემოღობავენ ჩვენს ტერიტორიას. პატარა რამეში გაგვიმართლა, არხი,
რომელსაც ჩვენ სარწყავად ვიყენებთ, დაგვიტოვეს. იყო საშიშროება, რომ
შემოეღობათ არხი და მისასვლელი აღარ გვექნებოდა. შემოუარეს და ახლა
ქვევით მოდიან. შესაძლოა, ოქროპირიძეების სახლი მოხვდეს ოკუპირებულ
ტერიტორიაზე. თუ ამ ტრაექტორიით გააგრძელეს მუშაობა, არის საფრთხე,
რომ სოფლ კოშკების სასაფლაო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდეს, მაგრამ
ხალხი არ დათმობს, თავს დავდებთ და სასაფლაოს არ შემოვაღობინებთ,“ -
აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ცნობისთვის, ოკუპანტებმა ბორდერიზაციის პროცესი 7 აგვისტოს განაახლეს
და ამ დრომდე განაგრძობენ. მათ 15 დღის განმავლობაში ე.წ. საზღვარი
რკინის კონსტრუქციებით დაახლოებით 150 მეტრზე გაავლეს.
სტატიის გამოყენების პირობები