,,ძამას ხეობაში მდებარე მზოვრეთის მამათა მონასტერში შესვლა არ
აიკრძალება" - ამის შესახებ qartli.ge-ს რუის-ურბნისის ეპარქიის
წარმომადგენელმა, დედა მავრამ განუცხადა.
მისი განცხადებით, ვიზიტორებში გავრცელებული ინფორმაცია არასწორადაა
გაგებული.
,,ვესაუბრე ტაძრის წინამძღვარს, რომელმაც განაცხადა, რომ მზოვრეთის
მონასტერში შესვლა არ იკრძალება. თუ ვინმე ბერი ამას ამბობს,
შეუძლიათ, ეს ინფორმაცია წინამძღვართან გადაამოწმონ. მხოლოდ,
გარკვეული შეზღუდვებია იმ ადგილებზე დაწესებული, სადაც მამაოები
ცხოვრობენ. ასევე, არასწორია ის ინფორმაცია, თითქოს რესტავრაციის
შემდეგ, არავის შეუშვებენ" - აღნიშნა დედა მავრამ.
ნაქალაქარი მძოვრეთი, ზოვრეთი მდინარე ძამის მარჯვენა ნაპირზე, მაღალი
მთის დავაკებაზე მდებარეობს. სახელწოდება "ზოვრეთი" (მძოვრეთი)
წარმოადგება სიტყვა "საზუერედან" (ზუერის ადგილი), რაც საბაჟოს
ნიშნავს.
საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობაში ვკითხულობთ,
რომ ქალაქი მდებარეობდა შიდა, ქვემო და ზემო ქართლის შემაერთებელ
გზაზე. X საუკუნეში ძამელი მთავრის ადარნასეს რეზიდენცია იყო.
XIV-XVII საუკუნეებში ფანასკერტელ-ციციშვილებმა სამწევრისიდან
თავიანთი რეზიდენცია აქ გადმოიტანეს და ზოვრეთი სათავადოს პოლიტიკურ
ცენტრად აქციეს. XVIII საუკუნიდან ქალაქი დაქვეითებას განიცდის და
იწოდება "მცირე ქალაქად". XIX საუკუნეში ციციშვილები ტოვებენ ამ
ადგილს და ქალაქიც წყვეტს არსებობას. მის ნანგრევებზე ახალი სოფელი
ორთუბანი გაშენდა.
სტატიის გამოყენების პირობები