გუგუტიაანთკარის მოსახლეობის ნაწილი პრემიერ-მინისტრს აკრიტიკებს
გუგუტიანთკარელები სოფელში პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს აფასებენ.

ადგილობრივები მთავრობის მეთაურზე განაწყენებულები არიან რადგან, მამუკა ბახტაძე და არჩილ თალაკვაძე მოსახლეობას არ შეხვედრიან და მხოლოდ ერთ ოჯახში მივიდნენ.

„ბახტაძეს ჩვენც გვინდოდა დავლაპარაკებოდით და არა მარტო გოჩას. გოჩა მართლა ძალიან ცუდ ტერიტორიაზე ცხოვრობს, პირდაპირ მავთულხლართებთან, აქ დაზარდა მაგ ოჯახმა ბავშვები. გოჩა უფრო ცუდ დღეშია, მაგრამ, არც ჩვენ ვართ ნაკლებ დღეში. ტერიტორიები დაკარგული გვაქვს, ეკონომიურ კრიზის განვიცდით და არ დაინტერესებულა პრემიერი. ძალიან ნაწყენები ვართ ბატონ ბახტაძეზე. ღამის ათი საათი იყო და ძალიან დიდი იმედი გვქონდა, რომ გაგვესაუბრებოდა, მაგრამ არ გვნახა. ძალაინ გასაკვირია ამ ადამიანის ამ ფორმით შემოსვლა. შემოვიდნენ მოულოდნელად, შემდეგ კორდონით შეაცილეს. აქედან ხალხისგან სიგნალები და მესიჯები აუცილებლად უნდა წაეღოთ თუ რას ვითხოვთ,“- აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები მაია თუხარელი.

ბახტაძისა და თალაკვაძის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში ვიზიტზე, კიდევ ერთი გუგუტიანთკარელი საუბრობს.

„გაჭირვებაა, გვეშინია, იქიდან რომ გვიცქერიან. არც არავინ მოსულა და არავის უკითხვას რა დღეში ვართ და რა მდგომარეობა გვაქვს. პრემიერი იყო მოსული ერთ ოჯახში მივიდა და წავიდა, არავის უნახავს სხვას. პრემიერი რომ შემხვეროდა ვეტყოდი: თქვენ თქვენთვის ხართ და ხალხისთვის არა-თქო,“- ამბობს იზო ოქროპირიძე.

შეგახსენებთ, 21 აგვისტოს მამაუკა ბახტაძე და არჩილ თალაკვაძე გუგუტიანთკარში ე.წ. საზღვრის უკანონო ბორდერიზაციის განახლებიდან მე-14 დღეს, ჟურნალისტების გარეშე ჩავიდნენ.

ისინი გოჩა მარღიშვილის ოჯახს სტუმრობდნენ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები