საოჯახო ხელშეკრულებები ხაშურის საბავშვო ბაღებში
ხაშურის საბავშვო-ბაღების გაერთიანებამ გამარტივებული შესყიდვით ხელშეკრულებები ბუღალტერის ქმარს გაუფორმა.

ეთერ თეთრაძის ქმარი ინდმეწარმე ანზორ ცერცვაძეა. შესყიდვების ღირებულების საერთო ჯამი 11 123 ლარია.

ანზორ ცერცვაძემ 23 აგვისტომდე ხაშურის მუნიციპალიტეტის 12 საბავშვო ბაღის ეზოში ბალახი უნდა გათიბოს. მან ხაშურის მე-2 და ოსიაურის მე-12 საბავშვო ბაღებში მწერებისგან დამცავი ლითონის ბადეები უკვე დაამონტაჟა და ბალახიც მოთიბა.

ამასთანავე, ხაშურის მე-5 საბავშვო ბაღის სამრეცხაო ოთახის კედლებზე პლასტიკატები გააკრა, ბოსტნეულის შესანახი საწყობების კედლები შეფითხვნა (სახელშეკრულებო ვალდებულებაში ასეა აღნიშნული - რედ) და შეღება. კიდევ უფრო ადრე, ანზორ ცერცვაძემ ბაღების სააგენტოს 2 000 ცალი რეზინის ხელთათმანი და 880 ცალი ჭურჭლის სარეცხი სითხე მიაწოდა.

ყველა ხელშეკრულების საგანი, შინაარსობრივად, სხვადასხვა სფეროს მიეკუთვნა.

Qartli.ge ხაშურის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების საბავშვო-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს დაუკავშირდა. დავით ნოზაძემ დაადასტურა, რომ სააგენტოს ბუღალტერი ანზორ ცერცვაძის მეუღლეა.

„ანზორ ცერცვაძესთან ხელშეკრულების გაფორმება მოხდა მას შემდეგ, რაც ბაზარი შევისწავლე. ინდმეწარმე სხვებზე დაბალ ფასში მთავაზობდა სამუშაოების შესრულებას. ინტერესთა კონფლიქტი არ არის, რადგან ცერცვაძესთან ნათესაური კავშირი არ მაქვს. გადაწყვეტილებას გამარტივებული შესყიდვის შესახებ ვიღებ ერთპიროვნულად და სატენდერო კომისია პროცესში ჩართული არ არის,“- აცხადებს დავით ნოზაძე.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები