გუგუტიაანთკარში ოკუპანტები დღეს აღარ გამოჩენილან
ამ დროისთვის, გუგუტიაანთკარში სიმშვიდეა. როგორც qartli.ge-ს კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები დღეს აღარ გამოჩენილან.

ადგილობრივების განცხადებით, გასული დღეებში, საოკუპაციო ძალები ე.წ. სასაზღვრო ბარიერებს დილის 9 საათიდან 11 საათამდე აგებდნენ.

გუგუტიაანთკარის მცხოვრები, ტრისტან გუგუტიშვილი ამბობს, რომ მძიმე ვითარებაში უწევს მასაც და მის თანასოფლელებსაც ყოველდღიური ყოფა. რადგან, ოკუპანტები დასახლებულ პუნქტთან ძალიან ახლოს იმყოფებიან.

„სახლები რჩება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამ სახელბში შედიოდნენ და საწყობად მაინც იყენებდნე ხოლმე, ახლა კი, ეს იგივეა, რომ ადამიანი ორჯერ მოკვდეს. ის განცდა, ის ტკივილი, რაც ომმა მოგვიტანა, ამ ხალხს ისევ გაუმეორდათ. მარტო მაგ ადამიანების სახლი კი არა, შეიძლება მთელი სოფელი წაიღონ, რუსებისგან არაფერია გასაკვრი. როდის რა მოუვლის დათვს თავში, არავინ არ იცის. როცა მაძღარია, თან ჭკვიანია, თუ გაღიზიანებულია, მერე აგრესიული ხდება. ზუსტად ეგ პოლიტიკა აქვს რუსეთს,“-გვითხრა ტრისტან გუგუტიშვილმა.

საოკუპაციო ძალებმა გუგუტიაანთკარში ბორდერიზაციის პროცესი 7 აგვისტოს განაახლეს. ამ ხნის განმავლობაში მათ ე.წ. საზღვარზე 160 ძელი აღმართეს და რკინის ღობე ააშენეს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ორი სახლი და მიწის ნაკვეთები აღმოჩნდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები