გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრეს მიმდებარედ, ტყის მასივში
გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
საბოლოო ინფორმაციით, ტანას ხეობაში 10 ჰექტარზე არსებული ტყის მასივი
დაიწვა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ,
სამდღიანი უწყვეტი სამუშაოების შემდეგ, რთული რელიეფისა და
მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის
კერების სრულად ჩაქრობა შეძლეს.
„საყავრეს მიმდებარედ 250 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. ხანძრის ქრობაში
ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 3
ვერტმფრენი. ვერტმფრენებმა სულ 114 გაფრენა განახორციელეს და ხანძრის
კერებს 230 ტონა წყალი დაასხეს.
ადგილზე გახსნილი იყო სპეციალური შტაბი, რომელსაც საგანგებო
სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი
ხელმძღვანელობდა. საყავრეს მიმდებარედ, საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურის პირადი შემადგენლობა განახევრდება. მეხანძრე-მაშველები
ადგილზე ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად
მონიტორინგის მიზნით დარჩებიან,“-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების
მართვის სააგენტოში.
შეგახსენებთ, რომ ხანძარი სოფელ საყავრესთან 22 აგვისტოს გაჩნდა.
სტატიის გამოყენების პირობები