ხიდისთავი-გორის გზაზე ქვათაცვენის საშიშროების გამო მერიას რეკომენდაციით მიმართავენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მცხოვრები გურამ ნოზაძე გუბერნატორს, მერსა და დეპუტატს მიმართავს. მისი განცხადებით, გორი-ხიდისთავის გზაზე ქვათაცვენის გამო, შესაძლოა შემთხვევები ფატალურად დასრულდეს. ამისათვის, თემის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს:

,,გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს! გორის მერიას! მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ერთ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე: გორი - ხიდისთავის გზის მარჯვენა მონაკვეთი ( შპალსაჟღენთი ქარხნის მოპირდაპირედ), რომელიც მთის ძირში გადის, ძალიან საშიშია მგზავრებისათვის. მთის წვერი აღნიშნულ მონაკვეთზე მთლიანად ჩამოშლილია და მოჩანს მხოლოდ მასიური კლდე, რომელიც შესაძლოა ყოველ წუთს ჩამოიშალოს და ,,ქვათაცვენა“ გამოიწვიოს.

ამის წინაპირობაა ფერდობის ძირში დაყრილი უზარმაზარი ქვები - აღნიშნული კლდის ნაშალი, რომელიც საბედნიეროდ ალბათ იმ დროს ჩამოიშალა, როცა გზაზე არავინ მოძრაობდა. აღნიშნული მონაკვეთი წვიმის დროს განსაკუთრებით საშიშია. იყო შემთხვევები,როდესაც ჩამოშლილმა კლდეებმა მანქანები დააზიანეს და მგზავრები შემთხვევით გადაურჩნენ მძიმე დაზიანებებს. შეგიძლიათ თავად იხილოთ უზარმაზარი ქვები, რომლებიც ისევ იქ ყრია და რომელთაც ფატალური შედეგი შეიძლება გამოეწვია.

მოკლედ, გორი - ხიდისთავის გზის აღნიშნული მონაკვეთი მისახედია: მოცილებული უნდა იქნას მთის წვერზე არსებული ჩამოსაშლელად გამზადებული, სავალალო შედეგის მომტანი კლდის ნაწილები. ფერდობი უნდა გამაგრდეს რკინის მავთულ-ბადით. კარგი იქნება თუ გაშენდება მრავალწლიანი ნარგავები. ნაწილი თავად გამწვანდა, მაგრამ საკმარისი არ არის. კარგად მოგეხსენებათ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის გარდა ამ გზაზე წლის განმავლობაში მილიონამდე ტურისტი მოძრაობს და პრობლემები, რომელსაც გამოიწვევს კლდის ჩამოშლა შეიძლება საკმაოდ მძიმე აღმოჩნდეს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისათვის ასევე ტურისტებისათვის, რამაც ჩემი აზრით, შეიძლება საკმაოდ შემოსავლიანი ტურისტული მარშრუტის მოშლა გამოიწვიოს.

მოგმართავთ თხოვნით გაითვალისწინოთ ზემოაღნიშნული, რადგან შემოდგომა ახლოვდება და შემოდგომის წვიმების დროს კლდის ჩამოშლის შემთხვევები გახშირდება. მისგან გამომდინარე მოსალოდნელი შედეგები კი შეიძლება ძალზედ მძიმე აღმოჩნდესს" - აღნიშნულია განცხადებაში.

გორის მერიაში ქვათაცვენის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებები ჯერ დაგეგმილი არა აქვთ. გზა საავტომობილო გზების დეპარტამენტს ეკუთვნის.

ფოტო: გადაღებულია 2018 წლის მარტში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები