ნიკო ლომოურის ძეგლს ბეტონით მიმაგრებული ცხვირი მოხსნეს
გორის კულტურისა და დასვენების პარკში, ნიკო ლომოურის ძეგლს ბეტონით მიმაგრებული ცხვირი მოხსნეს.

ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ გორის კეთილმოწყობის სააგენტოში.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ბაჩანა გვიანიშვილი აცხადებს, რომ მისი დავალებით, მსგავსი სამუშაო სააგენტოს თანამშრომლებს არ განუხორციელებიათ.

,,ჩემთვის ეგეთი რამე ცნობილი არ არის. ჩენ წარმოდგენა არ გვაქვს არც დაყენებაზე და არც დემონტაჟზე. ჩემი მითითებით, ჩემს თანამშრომელს ხელი არ დაუდიათ მაგ ძეგლზე, მანამდე თუ რამე მოხდა, არ ვიცი. თუ ვინმემ თავისი ინიციატივით რაღაც გაუკეთა, შეიძლება უხარისხო იყო და მოძვრა,“-გვითხრა ბაჩანა გვიანიშვილმა.

Qartli.ge მიმდინარე წლის ივნისის თვეში წერდა, რომ ნიკო ლომოურის ძეგლი უცნობმა პირებმა დააზიანეს და შემდეგ, ცხვირი ბეტონით მიამაგრეს.

ბაჩანა გვიანიშვილის თქმით, კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაინიშნისთანავე, ძეგლის მდგომარეობაზე გორის მერია საქმის კურში ჩააყენა.

ცნობისთვის, ნიკო ლომოურის დაზიანებულ ძეგლს რომ ცხვირი ბეტონით მიამაგრეს, ინფორმაცია qartli.ge-მ მიმდინარე წლის ივნისში გაავრცელა.

ცნობილი ქართველი მწერლის და საზოგადო მოღვაწის ნიკო ლომოურის ძეგლი მისსავე საფლავზეა აგებული.

ნიკო ლომოური დაიკრძალა გორის ოქონის საკათედრო ტაძრის ეზოში, მაგრამ 1920–იან წლებში ტაძრის დანგრევის გამო, მისი ნეშტი გადაასვენეს ,,ახალბაღში".


Print

სტატიის გამოყენების პირობები