Qartli.ge-ს სტატიის შემდეგ ხაშურის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი თანამდებობიდან წავიდა
Qartli.ge-ს სტატიის გამოქვეყნებიდან მეორე სამუშაო დღეს ხაშურის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა.

დავით ნოზაძემ მერის სახელზე განცხადება გუშინ შეიტანა.

Qartli.ge რამდენიმე დღის წინ წერდა, თუ როგორ გაუფორმა გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ამავე გაერთიანების ბუღალტერის ქმარს, რომლის საერთო ღირებულება 11 123 ლარია.

(ა) აიპ-ის ხელმძღვანელი კატეგორიულად უარჰყოფს მისი გათავისულების შესახებ ინფორმაციას და აცხადებს, რომ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

„არავის გავუთავისუფლებივარ, სხვა სამსახურში გადავდივარ და განცხადება ამიტომ დავწერე. ჩემი სამსახურიდან წასვლა არ უკავშირდება გამარტივებული შესყიდვებით გაფორმებულ ხელშეკრულებებს,“- გვითხრა დავით ნოზაძემ.

Qartli.ge ხაშურის მუნიციპალიტეტის მერსაც დაუკავშირდა.

გიორგი გურასპაშვილი ამბობს, რომ დავით ნოზაძის შემცვლელი უკვე მოძებნეს და ის მერიაში მომუშავე თათია ბრილიძეა.

„ნოზაძის ადგილას უკვე დაინიშნა ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში ხაშურის მერიაში მუშაობდა. რაც შეეხება მის წასვლას, მან თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. გამარტივებულ შესყიდვებთან დაკავშირებით საუბარი გვქონდა, ისევე როგორც სხვა თემებზე. თუ რაიმე სახის დარღვევა დაფიქსირდა, ეს უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები განახორციელა ინდ მეწარმემ, რომელთანაც ნოზაძემ გააფორმა ხელშეკრულება, ამას მაკონტროლებელი ორგანოები შეისწავლიან და შესაბამის დასკვანს დადებენ,“- აცხადებს გურასპაშვილი.

დავით ნოზაძე ხაშურის საბავშვო ბაღების ხელმძღვანელად სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები