ახმაჯის არხის რეაბილიტაცია განხორციელდება
საქართველოს მელიორაციის სამსახური ახმაჯის არხის რეაბილიტაციას გეგმავს. ამის შესახებ ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლენილია.

კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ძირითადად არხის ის ნაწილი გაკეთდება, რომელიც საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მდებარეობს.

,,ამ არხის დიდი ნაწილი დაქცეულია, დანგრეულია ბეტონის ნაწილები, მთლიანად, სარეაბილიტაციოა ეს არხი. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ჩატარდება ჩვენს კონტროლირებულ ტერიტორიაზე. მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება. მიმდინარეობს მოლაპარაკებები სამელიორაციო სამსახურთან იმის თაობაზე, თუ როდის დავიწყოთ მუშაობა. ამჟამად, რწყვის სეზონია და ალბათ სამუშაოების დაწყება უპრიანი იქნება გვიან დავიწყოთ" - აღნიშნავს კომპანიის ხელმძღვანელი.

მისი განმარტებით, სათავე ნაგებობასთან კომპანიასთან შეხება არა აქვს. ,,ჩვენ მხოლოდ ქსელის რეაბილიტაცია გვეხება" - დასძინა კომპანიის წარმომადგენელმა.

არხის სათავე ოკუპირებულ სოფელ ახმაჯში მდებარეობს. იქ მოწყობილია სატუმბი სადგური და ქსელით სოფელ თვაურებიდან (საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებული ტერიტორიიდან) გამოედინება.

შემდეგ მიემართება თეზი-ოკამის მიმართულებით და გრძელდება სოფელ იგოეთამდე.

ოკამის წარმომადგენელი კობა ჩიტაშვილი ამბობს, რომ 2012 წლის შემდეგ, ახმაჯის არხი არ დაწყვეტილა:

,,შემიძლია გითხრათ, რომ 2012 წლის შემდეგ, ეს არხი არ დაკეტილა. მართალია, სატუმბი სადგური უკვე თვაურებშია, მაგრამ იქ წყალი მდინარე ქსნიდან, უკვე ახმაჯიდან მიდის. ამ ხნის განმავლობაში ახმაჯში წყალი არ გადაუკეტავთ" - აცხადებს კობა ჩიტაშვილი.

პროექტით გათვალისწინებულია გრუნტის არხის მოპირკეთება რკინა-ბეტონის ფილებით სიგრძით 1526 მეტრი, არსებული მილსადენის დემონტაჟი და მის ნაცვლად რკ/ბეტონის ფილებით არხის გადახურვა, ასევე წყალგამანაწილებელი ჭის რეაბილიტაცია და პოლიეთილენის მილსადენის მოწყობა, ავარიული წყალსაგდების რეაბილიტაცი.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები