სტალინის ძეგლების აღდგენის ფონდს საბანკო ანგარიშზე 100 ლარიღა აქვს
დარჩენილი. ამის შესახებ qartli.ge-ს ,,ი.ბ. სტალინის ფენომენის
შესწავლის მემორიალების და ძეგლების აღდგენის ფონდის" ხელმძღვანელმა,
თამაზ ჯაფოშვილმა განუცხადა.
ეს ის ორგანიზაციაა, რომელმაც სტალინის სახლმუზეუმის სკვერში ბეტონის
კვარცხლბეკი დადგა. ჯაფოშვილის განმარტებით, მასალა სწორედ
შემოწირულობების წყალობით შეიძინეს.
შემომწირველები იყვნენ: ადგილობრივი ბიზნესმენები, ასევე, კერძო
პირები უკრაინიდან, კახეთიდან და საქართველოს სხვადასხვა
ქალაქებიდან.
„დღეს აღარ გვაქვს თანხა იმისათვის, რომ წავახალისოთ სტალინზე
შეყვარებული პირები, რომლებსაც სურვილი აქვთ მემორიალებისა და
ძეგლების აღდგენის. სტიმული დაგვიკარგა იმან, რომ გორში კვარცხლბეკის
მშენებლობის გაგრძელების ნებართვა აღარ მოგვეცა. ორგანიზაცია კვლავ
არსებობს, ანგარიშზე ამ ეტაპზე მხოლოდ 100 ლარი გვაქვს,“-აცხადებს
თამაზ ჯაფოშვილი.
ის ამავე დროს, ,,საქართველოს მშრომელთა სოციალისტური პარტიის“
თავმჯდომარეა.
ფონდი 2013 წელს დაფუძნდა, მისი მიზანი კი ქველმოქმედებაა. კერძოდ,
აწესებს პრემიებს სტალინის ფენომენზე, აფინანსებს პიროვნებებს ვინც
შექმნის ან აღადგენს მემორიალებს, ძეგლებს და გადაიღებს კინოს
სტალინის შესახებ.
სტატიის გამოყენების პირობები