გერმანელებმა დევნილ ბავშვებს ხმით ხატვა ასწავლეს
გორში, დევნილი ბავშვებისთვის თეატრალური წარმოდგენები დაიდგა, რომელიც საერთაშორისო ფესტივალ ,,Art Camp’’-ის ფარგლებში განხორციელდა.

წარმოდგენაში მონაწილეობის მისაღებად საჭირო უნარჩვევები რეგიონში მცხოვრებმა მოზარდებმა "ხელოვნების ბანაკში" გამოიმუშავეს.

მათ ვორქშოფები გერმანული თეატრალური დასის წევრებთან გაიარეს.

თეატრალური წარმოდგენების თემატიკა 2008 წლის ომი იყო, რომელიც ბანაკში მონაწილე ბავშვებმა თავად შეარჩიეს.

,,ძალიან კმაყოფილი ვარ ამ პროექტით. ძალიან ვიხალისეთ. საინტერესო იყო ეს ოთხი დღე. ჩვენ მოვიფიქრეთ თემა, თუ რაზე უნდა დაგვედგა წარმოდგენები და ეს იყო 2008 წლის ომი. დღეს გვქონდა სპექტაკლი და უკმაყოფილო არ ვარ,’’ – ამბობს შოთიკო ღვინიაშვილი, რომელიც რუისის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეა.

ქალაქ ფრაიბურგის თეატრის მუსიკოსი და ,,Art Camp’’- ის სამხატვრო ხელმძღვანელი, მაია კობერიძე პროექტის მიზანსა და ფესტივალის დევნილთა დასახლებაში დასრულების მიზეზზე გვესაუბრა.

,,პროექტის მიზანია, რომ ბავშვებს კულტურული განათლების მეშვეობით საშუალება მივცეთ ახალი იმპულსები მიიღონ, ახალი ხედვა გაუჩნდეთ ყველაფერზე. ხელოვნება ყველაზე კარგი საშუალებაა, შინაგანი ხედვისა და სამყაროს ჩვენების. ვცდილობთ, ამ პროექტით ბავშვებს თავისუფლად აზროვნებისკენ პირველი ნაბიჯები გადავადგმევინოთ, რომ საკუთარი აზრი ჩამოუყალიბდეთ ყველაფერზე. ეს ადგილი კი, შეირჩა იმიტომ, რომ ჩავთვალეთ, ბავშვებს, რომლებიც დევნილთა დასახლებაში ცხოვრობენ ჩვენი მხარში დგომა და ახალი იდეები სჭირდებათ’,’ - განაცხადა მაია კობერიძემ.

ხელოვნების ბანაკში იმყოფებოდა გერმანული თეატრალური დასის წევრი ალინა ალადაც, ის ქალაქ ფრაიბურგიდანაა და ქართველ ახალგაზრდებს ხმით ხატვა ასწავლა.

,,მე ვიმუშავე იმაზე, რომ ბავშვებთან ერთად დამედგა წარმოდგენა. ჩემი მიზანი იყო ხმით ხატვა. ეს არის მუსიკის ენა, რომელიც 1974 წელს შექმნა ვოლტერ ტომპსონმა. ჩვენ გამოვიყენეთ მუსიკა, ცეკვა. რეალურად, შენ შეგიძლია წინასწარ შექმნა ან არ შექმნა კომპოზიცია და ეს სპონტანურად გააკეთო,’’ - ამბობს ალინა ალადა.

საერთაშორისო ფესტივალი ,,Art Camp’’ საქართველოში უკვე მესამედ ჩატარდა.

 



Print

სტატიის გამოყენების პირობები