აქტივისტი, რომელიც კასპის მერს დევნაში ადანაშაულებს, გორის მერიაში დაასაქმეს
მთავარ ფოტოზე: მანუჩარ მერებაშვილი და ია ქვლივიძე

,,ეს ბიჭი არის უმართავი, უპროგნოზო, არაკომპტენტური, შურის მაძიებელი, სიბოროტით სავსე ... ძალიან მატყუარა, ყველაფრის მკადრებელი, თავად ხელისუფლებისთვისაც საშიში! როგორც მამამისი ამბობდა :,, შენ ხარ მაგ რაიონში ნომერ პირველიო" ეს ის არ გამოდგა ვინც გვეგონა ... გთხოვთ, მალე ჩამოართვით ასანთი ამ ფეხებ ფხაკუნა ბავშვს, სანამ გადაგვიწვა მუნიციპალიტეტი!" - ეს სიტყვები ეკუთვნის ია ქვლივიძეს, რომელიც ,,ქართული ოცნების" კასპის ორგანიზაციის აქტივისტი იყო.

პოსტი კასპის მერს, მანუჩარ მერებაშვილს ეძღვნება და გამოქვეყნდა 2019 წლის 18 ივლისს. ერთი თვის შემდეგ, 2019 წლის 19 აგვისტოს (,,ფერისცვალების დღეს") ია ქვლივიძე გორის მერის თანაშემწედ დაინიშნა.

„19 აგვისტოს დავინიშნე“- მხოლოდ ეს განუცხადა ჟურნალისტს და ტელეფონი გათიშა. ქვლივიძე ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობს.

გორის მუნიციპალიტეტის მერის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა თქვ,ა რომ ქვლივიძე რიგით მე-6 თანაშემწეა, რომელიც თავზარაშვილმა დანიშნა.

„მერი თანაშემწეებს პირადი გადაწყვეტილებით ნიშნავს, ამ ადამიანს იცნობდა და ამიტომ დანიშნა“- აცხადებენ მერიაში.

ია ქვლივიძე გორის მერის თანაშემწედ დანიშვნამდე სოციალური ქსელის საშუალების კასპის მუნიციპალიტეტის მერის მანუჩარ მერებაშვილის კრიტიკას არ ერიდებოდა. 2019 წლის 3 აპრილს ია ქვლივიძე წერდა, რომ მის სახლში კასპის მერის, მანუჩარ მერებაშვილის ძმა მივიდა. ,,კიდევ კარგი, სახლში არ დავხვდიო" - წერდა ია ქვლივიძე.

ია ქვლივიძე აღნიშნავდა, რომ კასპის მერის დაწინაურებაში მას გარკვეული წვლილი აქვს, რადგან ,,ქართული ოცნების" წევრთა კაბინეტებში ხელჩაკიდებული დაყავდა. ქვლივიძე ამბობს, რომ მანუჩარ მერებაშვილს პარლამენტარი დიმიტრი სამხარაძე მფარველობს.

,,თქვენი ბიძაშვილი ორ სამსახურში ერთად მუშაობს სრულ განაკვეთზე, ასევე, დედათქვენის რეკომენდაციით დანიშნულ ხალხს გაგახსენებთ ბაღებსა და სხვა სამსახურებში... ნაციონალების მეთოდებით მებრძვით (და არა მხოლოდ მე), პარტიაში იბარებთ დასაქმებულ თანამშრომლებს და აიძულებთ თქვენს მიერ მიცემული ,,შპარგალკებით" წერონ ჩემი მისამართით უარყოფითი კომენტარები" - წერდა ია ქვლივიძე 2018 წლის 6 აგვისტოს.

კასპის მერი qartli.ge-ს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები