ხაშურის მერია: სურამში მშენებლობები ქაოტურად მიმდინარეობს
,,სურამში მშენებლობები ქაოტურად მიმდინარეობს" - ამის შესახებ ხაშურის მერიამ საკრებულოს წერილობით აცნობა. მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი განმარტავს, რომ აუცილებელია სურამის გენერალური გეგმის შემუშავება, ასევე, ცენტრალური უბნის განაშენების რეგულირება.

გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების პროექტების შესადგენად საკმაოდ სოლიდური თანხაა საჭირო. ამიტომ, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ, საკრებულს თანხმობით, მთავრობას დახმარება სთხოვა. პროექტები, მთავრობის დავალდებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უნდა შეადგინოს.

გიორგი გურასპაშვილის უწყებაში ამბობენ, რომ სურამში მშენებლობები ქაოტურად მიმდინარეობს და გენერალური გეგმის შემუშავება ამიტომ არის მნიშვნელოვანი.

„ძველი უბნები საჭიროებს იერსახის ცვლილებას. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის ზონები და ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია. განაშენიანების განვითარებისათვის შეზღუდული ტერიტორიული რესურსების ფონზე მზარდი სამშენებლო საქმიანობები ქაოტურდ მიმდინარეობს. კურორტს არ გააჩნია კანონმდებლობის შესაბამისად შემუშავებული და დამტკიცებული სივრცითი დაგეგმვის დოკუმენტაცია, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს დაბის განვითარებას. აქედან გამომდინარე, მოუწესრიგებული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტები მნიშვნელოვანწილად ხელშემწყობი იქნება ეკონიმიკური გაჯანსაღებისათვის,“-ნათქვამია განკარგულების წერილში.

ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარე დაბა სურამი კლიმატური კურორტია. მისი განსაკუთრებული ადგილმდებარეობა და სხვადასხვა ჰაერშენაკადების თანხვედრა ქმნის უნიკალურ მიკროკლიმატს, რაც იზიდავს დამსვენებელსა და ტურისტების დიდ რაოდენობას.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები