ქარელის მერს სამსახურის უფროსი სასამართლოში უჩივის
ქარელის მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის უფროსი ვასიკო ბაქრაძე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს სასამართლოში უჩივის. ამის თაობაზე, 2019 წლის 2 სექტემბერს სასამართლო პროცესი გაიმართება.

ვასიკო ბაქრაძე საყვედურის შესახებ მერის ბრძანების გაუქმებას ითხოვს, თუმცა, აცხადებს, რომ ბრძანების მიღმა, კიდევ ,,სხვა მიზეზებია“.

,,ამ მიზეზების შესახებ საუბარი არ მსურს. ამ ეტაპზე ვთვლი, რომ საყვედური უსაფუძვლოა და მის გაუქმებას ვითხოვ“ - აცხადებს ვასიკო ბაქრაძე.

როგორც ირკვევა, ქარელის მერმა ვასიკო ბაქრაძე სამსახურში მოიკითხა და არ დახვდა:

„სამსახურეობრივ მოვალეობას ვასრულებდი, სკოლაში ვიმყოფებოდი და შესაბამისად მერიის შენობაში გვიან მივედი. საქმის კურსში ჩაყენებული მყავდა მერის მოადგილე ვლადიმერ სულაქველიძ, თუმცა, საყვედური მაინც მივიღე, რასაც არ ვეთანხმები“ - განმარტავს ვასიკო ბაქრაძე.

ვასიკო ბაქრაძე აცხადებს, რომ სამართლიანობისთვის იბრძოლებს.

Qartli.ge-მ სცადა ქარელის მუნიციპალიტეტის მერს დაკავშირებოდა, თუმცა ზაზა გულიაშვილი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები