ახალი ქართული ბლოკ-პოსტის გამო ანატოლი ბიბილოვი წნელისსა და გვირგვინაში ჩავიდა
ოკუპირებულ სოფლებში, გვირგვინასა და წნელისში დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ჩავიდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულმა სააგენტომ ,,რია ნოვოსტიმ" გაავრცელა.

ანატოლი ბიბილოვმა ადგილობრივ მცხოვრებლებს განუცხადა, რომ მოსახლეობას დე-ფაქტო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები დაიცავენ. სააგენტოს ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბლოკ-საგუშაგოები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განათავსდა.

სოფლები წნელისი და გვირგვინა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ტახტისძირს, დვანსა და დირბს ემიჯნება. ანატოლი ბიბილოვი ამტკიცებს, რომ ბლოკ-საგუშაგოებს ოსური მხარეც დააყენებს:

”იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა და უსაფრთხოება, საჭიროების შემთხვევაში ჩვენი საგუშაგოც განთავსდება იმ რაოდენობით იქ, სადაც საჭიროა. ვერავინ შეძლებს საზღვრის გადაკვეთას.” - აცხადებს ბიბილოვი. მისი ბრძანებით, გამყოფ ხაზთან ჯავშატექნიკა იმოძრავებს.

ქართული მხარე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს. საკითხს 29 აგვისტოს ერგნეთში განიხილავენ, სადაც მორიგი ოთხმხრივი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება.


იხ. ამავე თემაზე:
მონიშნულია სოფელი გვირგვინა (ოკუპირებული სოფელი)

Print

სტატიის გამოყენების პირობები